ეს არის „ქართული ოცნების“ პოლიტიკის კრახის კიდევ ერთი გამოვლინება და იმ მოსახლეობის ნების წინააღმდეგ სვლა, რომლის 80% საქართველოს ნატოში წევრობას უჭერს მხარს, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ, ნატო-ს ვილნიუსის სამიტის შედეგებზე საუბრისას, ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ არაფერი გააკეთა იმისთვის, რომ MAP-ის კომპონენტის დღის წესრიგიდან მოხსნა და ნატოსკენ მიმავალი გზის შემოკლება მომხდარიყო.
„თუ შევადარებთ 2016 წლის ნატოს ვარშავის სამიტის ტექსტს, არის რეგრესი, რამდენადაც ვარშავის სამიტზე საქართველომ მიიღო ჩანაწერი, რომ საქართველოს აქვს ყველა ინსტრუმენტი ნატოში წევრობისთვის, შავი ზღვის უსაფრთხოების ინიციატივაში ჩაერთო და იმავდროულად, საქართველოს არსებითი პაკეტი და დემოკრატიული რეფორმების პროგრესი იყო ხაზგასმული. იმ მოცემულობაში, როდესაც „ქართული ოცნების“ პარტიის ლიდერი ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ ეს ყველაფერი განპირობებულია უკრაინის წინააღმდეგ ომით, შეგიძლიათ ნახოთ მოლდოვას შესახებ ჩანაწერი, რომელიც არის ნეიტრალური ქვეყანა და არ ისწრაფვის ნატოში წევრობისკენ, როგორ არის მისალმება დემოკრატიული რეფორმების კუთხით და როგორ ესალმებიან მოლდოვას ევროპულ გზას, რაც საქართველოს შემთხვევაში ნამდვილად არ არის. ეს არის „ქართული ოცნების“ პოლიტიკის კრახის კიდევ ერთი გამოვლინება და იმ მოსახლეობის ნების წინააღმდეგ სვლა, რომლის 80% საქართველოს ნატოში წევრობას უჭერს მხარს. რა თქმა უნდა, ილუზია არავის ჰქონდა, რომ უკრაინა გახდებოდა ნატოს წევრი ამ სამიტზე, თუმცა უკრაინამ დაიმოკლა გზა ნატოში წევრობისკენ. საქართველოს ხელისუფლებამ არაფერი გააკეთა იმისთვის, რომ MAP-ის ამოღება და გზის შემოკლება საქართველოსთვის უკრაინასთან ერთად ყოფილიყო“, - განაცხადა აქუბარდიამ.