ხათუნა ბურკაძე - 2024 წლის ვაშინგტონის სამიტზე საქართველომ ნატო-ში MAP-ის გარეშე წევრობის შესაძლებლობა უნდა მოიპოვოს

ვილნიუსის ნატო-ს სამიტის შედეგებზე, სავარაუდოდ, უკრაინას ნატო-ში მიიღებენ ოკუპირებული ტერიტორიებით, თუ ამ ტერიტორიების გარეშე, ასევე იმაზე, თუ რა გადაწყვეტილებები მიიღო სამიტმა ალიანსის გრძელვადიან პერსპექტივებსა და იმაზე, თუ როგორია საქართველოს ევროატლანტიკური პერსპექტივა, „ინტერპრესნიუსი“ „ჯეოქეისის“ საგარეო პოლიტიკის მიმართულების დირექტორს, საერთაშორისო სამართლის დოქტორს, პროფესორს, ხათუნა ბურკაძეს ესაუბრა.

- ქალბატონო ხათუნა, ვილნიუსის სამიტი დასრულდა. ვიცით კომუნიკეს შინაარსიც. სამიტის მთავარი ბილბორდის ფონზე ქვეყნის პირველმა პირებმა სამახსოვრო სურათებიც მრავლად გადაიღეს, მაგრამ, ჩვენდა სამწუხაროდ, ამ სასიამოვნო პროცედურასა და მომღიმარ სახეებს შორის არ ყოფილა საქართველოს პრემიერ-მინისტრი. საქართველოს თემას ჩვენ აუცილებლად შევეხებით.

მანამდე, უკრაინისთვის ნატო-ს სამიტის შედეგებზე უნდა ვისაუბროთ. ნატო-ს ვილნიუსის სამიტის კომუნიკეში ვკითხულობთ - უკრაინის მომავალი ნატოშია - უკრაინის გზა გასცდა MAP-ის საჭიროებას, უფრო მეტად თავსებადია და პოლიტიკურად ინტეგრირებულია ალიანსთან და მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს რეფორმების გზაზე“.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა - ნატო- უკრაინის გაწევრიანება გაურკვევლობაში არ უნდა დატოვოს - მოწვევის ყველა პირობა ვილნიუსში უკვე არსებობს“.

უკრაინაზე გადაწყვეტილების გარდა, ვილნიუსის ნატო-ს სამიტმა ალიანსის გრძელვადიან პერსპექტივებზეც მიიღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები. ბევრი თვლის, რომ თავისი არსით, ამჯერად ისტორიული და უპრეცედენტო გადაწყვეტილებები იქნა მიღებული.

თქვენ როგორ შეაფასებდით ვილნიუსის ნატო-ს სამიტის შედეგებს უკრაინისთვის?

- ვილნიუსის სამიტმა კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ უკრაინის უსაფრთხოებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მოკავშირეებისა და მთლიანად ალიანსისათვის. ნატო-ს წევრმა ქვეყნებმა უკრაინას პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის გაფართოებული პაკეტი შესთავაზეს.

აღნიშნული პაკეტი მოიცავს სამ მნიშვნელოვან ელემენტს. პირველი კომპონენტი ეხება დახმარების პროგრამების განვითარებას, რაც მიზნად ისახავს უკრაინის შეიარაღებული ძალების ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სტანდარტებთან მეტად თავსებადობის უზრუნველყოფას.

მეორე ელემენტი უკავშირდება ნატო-უკრაინის თავდაცვის საბჭოს შექმნას. აღნიშნულ საბჭოში უკრაინა მიწვეულია, როგორც თანაბარი წევრი. ეს ფორმატი ხელს შეუწყობს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსა და უკრაინას შორის ურთიერთობების გაღრმავებას. მის ფარგლებში მხარეები განიხილავენ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებს, განსაკუთრებით რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიული მოქმედებების კონტექსტში. საბჭო უკრაინის ნატო-ში ინტეგრაციის მნიშვნელოვან ინსტრუმენტად განიხილება.

ვილნიუსის სამიტმა კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ უკრაინის უსაფრთხოებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მოკავშირეებისა და მთლიანად ალიანსისათვის. ნატო-ს წევრმა ქვეყნებმა უკრაინას პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის გაფართოებული პაკეტი შესთავაზეს

მესამე ელემენტი მოიცავს ალიანსში წევრობას გაწევრიანების სამოქმედო გეგმის გარეშე, რაც წარმოადგენს მნიშვნელოვან პოლიტიკურ მხარდაჭერას უკრაინის ევროატლანტიკური პერსპექტივისადმი. ეს პროცესი ამოკლებს უსაფრთხოების რეალური გარანტიისაკენ მიმავალ გზას იმ სახელმწიფოსთვის, რომელიც დღეს იბრძვის უსაფრთხოების სამართლიანი არქიტექტურის შესაქმნელად. კერძოდ, იგულისხმება ისეთი სისტემის ჩამოყალიბება, სადაც სახელმწიფოთა სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა დაცული იქნება.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, - “უკრაინის თავდაცვა პირველი პრიორიტეტია. მადლობელი ვარ პარტნიორების მზაობისთვის, გადადგან ახალი ნაბიჯები. უკრაინაში თავდაცვის ახალ მნიშვნელოვან ინსტრუმენტებს ჩავიტანთ”. დასავლეთის გაზრდილი სამხედრო დახმარება ხელს შეუწყობს უკრაინის მიერ კონტრშეტევითი ოპერაციების წარმატებით განხორციელებას, რაც მომავალში განსაზღვრას ომის დასრულების პროცესს.

ამასთანავე, ვილნიუსის სამიტის კომუნიკეს თანახმად, რეფორმების შესრულების გზაზე უკრაინამ არსებით პროგრესს მიაღწია. ნატო უკრაინის მხარდაჭერას კვლავ გააგრძელებს. ასევე, კომუნიკე ყურადღებას ამახვილებს დემოკრატიის მიმართულებით და უსაფრთხოების სფეროში რეფორმების გაგრძელების აუცილებლობაზე.

ვილნიუსის სამიტის კომუნიკეს თანახმად, რეფორმების შესრულების გზაზე უკრაინამ არსებით პროგრესს მიაღწია. ნატო უკრაინის მხარდაჭერას კვლავ გააგრძელებს. ასევე, კომუნიკე ყურადღებას ამახვილებს დემოკრატიის მიმართულებით და უსაფრთხოების სფეროში რეფორმების გაგრძელების აუცილებლობაზე

ნატო-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები, წლიური ეროვნული პროგრამის ფარგლებში, რეგულარულად პროგრესს შეაფასებენ.

რაც შეეხება ალიანსის მიერ უკრაინის ნატო-ში მიწვევას, ეს დამოკიდებულია მოკავშირეთა შეთანხმებასა და პირობების შესრულებაზე. აღნიშნულთან დაკავშირებით გამოითქვა გარკვეული სკეპტიზმი იმის თაობაზე, რომ მეტი სიცხადე იყო საჭირო.

თუმცა, არსებული მოცემულობის ანალიზის საფუძველზე, კონკრეტული პირობების განსაზღვრა შესაძლოა აღმოჩნდეს უფრო დამაზიანებელი ევროატლანტიკური მიზნების დაჩქარებით მიღწევისათვის მომავალში. უკრაინის ნატოში გაწევრიანების თემაზე კომუნიკეში გაკეთებული ჩანაწერის ფრაზეოლოგია მეტი მოქნილობის შესაძლებლობას იძლევა, რაც საერთაშორისო პოლიტიკის დინამიკური, ცვალებადი ბუნების გათვალისწინებაზე მიანიშნებს.

უკრაინის ნატოში გაწევრიანების თემაზე კომუნიკეში გაკეთებული ჩანაწერის ფრაზეოლოგია მეტი მოქნილობის შესაძლებლობას იძლევა, რაც საერთაშორისო პოლიტიკის დინამიკური, ცვალებადი ბუნების გათვალისწინებაზე მიანიშნებს

- უკრაინამ მიიღო დაპირება, რომ ქვეყანა ნატო-ს წევრად უკრაინა-რუსეთის ომის დასრულების შემდეგ იქნება მიღებული. მაგრამ აქტუალური თემაა იგი ნატო-ში ოკუპირებული ტერიტორიებით იქნება მიღებული თუ მათ გარეშე.

ამ თემაზე საკმაოდ საგულისხმო მოსაზრებები გამოთქვა უკრაინაში კარგად ცნობილმა საზოგადო მოღვაწე ოლექსეი არესტოვიჩმა.

ვილნიუსის სამიტის შედეგებზე საუბრისას არესტოვიჩი ყურადღებას ამახვილებს შემდეგ გარემოებებზე. კერძოდ, მისი თქმით, - „ის რომ დასავლეთში ახლა სუსტი ლიდერები არიან, რომლებსაც არ შეუძლიათ სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება, არ ცვლის იმ ფაქტს, რომ უკრაინა ახლა სრულადაა დამოკიდებული ამ ლიდერებზე.“

არესტოვიჩის მტკიცებით, „ამერიკელები არ აპირებენ რუსეთზე საბოლოოდ გამარჯვებას იმის შიშით, რომ რუსეთი საბოლოოდ არ წავიდეს ჩინეთისკენ.“ მაგრამ, „იმავდროულად ამერიკა უკრაინას არ მისცემს იმის საშუალებას, რომ უკრაინა დამარცხდეს.“

მისივე თქმით, - „უკრაინა ითხოვს ამერიკული ფულით რუსეთის სრულად დამარცხებას“... „უკრაინა იპარავს ამერიკულ ფულს, ამერიკელები ჩვენგან მოითხოვენ შევწყვიტოთ მათი ფულის მოპარვა“. მისივე მტკიცებით - „შემთხვევითი არაა ის, რომ „კორუფციასთან ბრძოლა“ უკრაინისაგან ნატო-ს პირველი მოთხოვნაა“.

არესტოვიჩი სვამს რიტორიკულ კითხვას - „ვინ შეძლებს დაძლიოს ჩვენი მუდმივი პრობლემა - პარტნიორების ემოციური დარეკეტების ნაცვლად დავიწყოთ სისტემური მუშაობა პრობლემებზე?

სავარაუდოდ, რას შეიძლება ნიშნავდეს არესტოვიჩის მხრიდან ამ თემებზე ყურადღების გამახვილება?

- სამწუხაროდ, ამ ტიპის ფრაზეოლოგია უფრო სკეპტიციზმს აღვივებს, რაც საომარი ვითარების გათვალისწინებით არასწორია. რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული არაპროვოცირებული, უსამართლო და უკანონო ომის დაწყებიდან დასავლეთმა არაერთხელ მიიღო მტკიცე და არაორდინალური გადაწყვეტილება უკრაინის მხარდაჭერის თვალსაზრისით.

ასევე, მამაცი უკრაინელი ხალხის შეუპოვრობა და რწმენა გამარჯვების განმსაზღვრელია. ამასთან, მიუხედავად საფრთხეებისა, დასავლეთის არაერთი ლიდერი კიევში ჩავიდა.

ამ ტიპის ფრაზეოლოგია უფრო სკეპტიციზმს აღვივებს, რაც საომარი ვითარების გათვალისწინებით არასწორია

ომის დაწყებიდან თითქმის ერთი წლის თავზე, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ჯოზეფ ბაიდენი კიევს ეწვია, რაც იყო მკაფიო პოლიტიკური გზავნილი კრემლის მიმართ, რომ რუსეთის მიერ იმპერიალისტური მიდგომების გამოყენებით აგრესიული საგარეო პოლიტიკის განხორციელება უნდა დასრულდეს. ეს ომი ღირებულებებისათვის, ფასეულობებისათვის ბრძოლაა, რადგან თუ წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის დამცველები დაუშვებენ კვლავ ძალით საზღვრების შეცვლის პრეცედენტებს, მომავალშიც მსგავსი აგრესიული მოქმედებების მოწმენი გავხდებით.

- საუბრის დასაწყისში ვახსენე, რომ ვილნიუსის ნატო-ს სამიტმა ალიანსის გრძელვადიან პერსპექტივებთან დაკავშირებით მიიღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები.

თავად სამიტის ორგანიზატორებმა თქვეს, რომ თავისი არსით, ამჯერად სამიტმა ისტორიული და უპრეცედენტო გადაწყვეტილებები მიიღო.

ალიანსის გრძელვადიან პერსპექტივებთან დაკავშირებით რა კონკრეტული გადაწყვეტილებები იქნა მიღებული?

- ვილნიუსის სამიტის კომუნიკეს თანახმად, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი, ვაშინგტონის ხელშეკრულების მე-5 მუხლის საფუძველზე, ნატო-ს ტერიტორიის თითოეულ სანტიმეტრს დაიცავს. მოკავშირეები განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებენ ალიანსის სამი მთავარი ფუნქციის უზრუნველყოფაზე - შეკავება და თავდაცვა, კრიზისების თავიდან აცილება და მართვა, თანამშრომლობითი უსაფრთხოება.

მოკავშირეები განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებენ ალიანსის სამი მთავარი ფუნქციის უზრუნველყოფაზე - შეკავება და თავდაცვა, კრიზისების თავიდან აცილება და მართვა, თანამშრომლობითი უსაფრთხოება

ალიანსის წევრი ქვეყნები თანხმდებიან, რომ რუსეთის ფედერაცია წარმოადგენს პირდაპირ საფრთხეს მოკავშირეთა უსაფრთხოებისა და ევროატლანტიკური სივრცის მშვიდობისათვის, სტაბილურობისათვის. რუსეთი პასუხისმგებელია უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულ უკანონო, უსამართლო და არაპროვოცირებულ ომზე. ის ძირს უთხრის ევროატლანტიკურ და გლობალურ უსაფრთხოებას.

კრემლმა დაუყოვნებლივ უნდა შეაჩეროს აგრესიული მოქმედებების განხორციელება, შეწყვიტოს ძალის გამოყენება და უპირობოდ გაიყვანოს თავისი ძალები უკრაინის ტერიტორიიდან. მოკავშირეები სრულად მხარს უჭერენ უკრაინის თავდაცვის უფლებას, რომელიც გაერო-ს წესდების 51-ე მუხლითაა განმტკიცებული.

ასევე, ნატო-მ მიიღო თავდაცვის გეგმები ორ საფრთხესთან - რუსეთთან და ტერორიზმთან გასამკლავებლად. აღნიშნული გეგმები მხარდაჭერილი იქნება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის 300 000 სამხედროს მიერ, რომლებიც მაღალი სტანდარტების გათვალისწინებითაა მომზადებული. აღნიშნული გადაწყვეტილებები მიანიშნებენ იმაზე, რომ ალიანსი ყველაზე ცუდი სცენარისთვისაც ემზადება.

ნატო-მ მიიღო თავდაცვის გეგმები ორ საფრთხესთან - რუსეთთან და ტერორიზმთან გასამკლავებლად. აღნიშნული გეგმები მხარდაჭერილი იქნება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის 300 000 სამხედროს მიერ, რომლებიც მაღალი სტანდარტების გათვალისწინებითაა მომზადებული. აღნიშნული გადაწყვეტა

ის აანალიზებს გარე საფრთხის არაპროგნოზირებად ბუნებას და ავითარებს შესაბამის სამოქმედო გეგმებს, რომლებსაც საჭიროების მიხედვით გამოიყენებს.

- გვერდს ვერ აუვლით ვილნიუსის სამიტზე საქართველოს მონაწილეობასა და საქართველოს თემას. რაც არ უნდა თქვან მმართველი გუნდის ლიდერშიფის წარმომადგენელმა, ამ სამიტში პრემიერის არმონაწილეობაზე და მხოლოდ საგარეო საქმეთა მინისტრის მონაწილეობაზე, ყველაფერს აზრი ეკარგება, რადგან, არც სამიტამდე უაქტიურია საქართველოს და არც სამიტის მიმდინარეობისას, რომ რამე მიეღო.

ამის ფონზე უცნაურადაც კი ჟღერდა მმართველი გუნდის წარმომადგენელთა განცხადებები იმაზე, რომ „ნატო მზად არაა საქართველოს მისაღებად“. ამ ტიპის განცხადებებით შეიქმნა განცდა, თითქოს ჩვენ ალიანსისგან რამე მოვითხოვეთ და არ მივიღეთ. ან, ისე ვცდილობდით დაახლოებას, რომ როგორც იტყვიან, „კარები აუტალახეთ“.

ამის მსგავსი რომ არაფერი გვახსენდება სამიტამდე და თავად სამიტის მიმდინარეობისას, ამიტომაც არ გვქონდა ამ სამიტიდან რამე კონკრეტული მოლოდინი. თქვენ თუ გქონდათ მოლოდინი, რომ საქართველოსთან დაკავშირებით რამე კონკრეტული გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული?

- როგორც წესი, გარკვეული მოლოდინების შექმნა სამიტის დაწყებამდე ხდება ხოლმე. მოცემული ვითარება მიანიშნებდა იმაზე, რომ საქართველოსთან დაკავშირებით ახალი გადაწყვეტილების ასახვა ვილნიუსის სამიტის კომუნიკეში არ მოხდებოდა.

შემდგომი სამიტი ნატო-ს დაფუძნებიდან 75 წლის პერიოდს ეძღვნება.

ის 2024 წელს ვაშინგტონში გაიმართება. ამ ეტაპიდანვე, ვილნიუსის სამიტის გამოცდილების გათვალისწინებით, უნდა დავიწყოთ მუშაობა ჩვენს პარტნიორებთან იმისათვის, რომ საქართველომ ალიანსში MAP-ის გარეშე წევრობის შესაძლებლობა მოიპოვოს. ეს დააჩქარებს ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური მიზნების მიღწევის პროცეს.

საქართველოს ალიანსში წევრობის ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი გააჩნია და შეუძლია თავისი წვლილის შეტანა შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების განმტკიცებაში. შავი ზღვის რეგიონის სტაბილურობის გარეშე კი ვერ მოხდება მთლიანი ევროპის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და მისი დაცვა მომავალში.

საქართველოს ალიანსში წევრობის ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი გააჩნია და შეუძლია თავისი წვლილის შეტანა შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების განმტკიცებაში. შავი ზღვის რეგიონის სტაბილურობის გარეშე კი ვერ მოხდება მთლიანი ევროპის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და მისი დაცვა მომავალში

მეტიც, ჩვენ არაერთ სამშვიდობო ოპერაციასა თუ ჰუმანიტარულ მისიაში ვმონაწილეობდით. ასევე დავადასტურეთ, რომ ავღანეთის სამშვიდობო მისიაში საქართველო წარმოადგენდა უმსხვილეს კონტრიბუტორს ნატო-ს არაწევრ სახელმწიფოებს შორის. საქართველო ალიანსში ინტეგრაციის გზაზე მეტს იმსახურებს და უნდა შევძლოთ საერთაშორისო არენაზე ჩვენი კონსტიტუციური, საგარეო პოლიტიკური მიზნების მიღწევა.

- შესაძლოა, სუბიექტურია იმათი მოსაზრებები, ვინც ქართველთაგან ადევნებდა თვალს ვილნიუსის სამიტის მიმდინარეობას, მაგრამ, ბევრმა მათგანმა ასეთი აზრი გამოთქვა - რჩება შთაბეჭდილება, რომ თითქოს ქვეყანა არც კი მონაწილეობდა ალიანსის სამიტში. დისკუსიებში სულ 2 ჯერ ახსენეს საქართველო, ისიც ლიეტუვის პრეზიდენტმა 2008 წლის ომის კონტექსტში და კიდევ ერთხელ სპიკერმა ამავე კონტექსტში.

მათივე თქმით, კომუნიკეს ტექსტი ნათლად მიანიშნებს, რომ უკრაინა-საქართველოს დუეტი ფორმალურადაც დაიშალა. დარჩა შთაბეჭდილება, რომ საქართველო ნატო-ს პარტნიორი კი არა, ნეიტრალური ქვეყანაა და არა ასპირანტი სახელმწიფო. ვინც აქამდე ნეიტრალური ქვეყანა იყო, მაგალითად მოლდოვა, ისიც კი საქართველოზე მეტად აქტიურობდა.

მეტიც, მათივე აზრით, ქვეყანას მიადგა რეპუტაციული ზიანი, რადგან ვკარგავთ მხარდამჭერებს, რომელთა მობრუნებას წლები დასჭირდება. ნატო-საქართველოს ურთიერთობები ამ ეტაპზე ინერციით ვითარდება და მას სერიოზული გადატვირთვა სჭირდება. თუმცა, როგორც ჩანს ხელისუფლებისთვის ეს საკითხი აღარაა პრიორიტეტული და მხოლოდ ფორმალობის დონეზე განიხილება.

ვიმეორებ, ასეთი შთაბეჭდილება დარჩათ იმ ქართველ დამკვირვებლებს, ვინც ალიანსის სამიტს ადევნებდა თვალს.

რა შეიძლება ყოფილიყო მიზეზი იმისა, რომ ვილნიუსის ნატო-ს სამიტში საქართველოს მონაწილეობამ ასეთი შთაბეჭდილებები დაუტოვა იმათ, ვინც წლებია ნატო-საქართველოს ურთიერთობების გაღრმავებაზე მუშაობს?

- საქართველო ნატო-ს ასპირანტი ქვეყანაა. ვილნიუსის სამიტის ფარგლებში ჩვენთან დაკავშირებით გზავნილები მომზადდა და კომუნიკეში აისახა. კერძოდ, ნატო-ს წევრი ქვეყნები კვლავ გამოხატავენ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ხელახლა აღნიშნავენ, რომ საქართველოს აქვს უფლება თავად განსაზღვროს მისი მომავალი და საგარეო პოლიტიკა გარე ჩარევის გარეშე.

ვილნიუსის სამიტის ფარგლებში ჩვენთან დაკავშირებით გზავნილები მომზადდა და კომუნიკეში აისახა. კერძოდ, ნატო-ს წევრი ქვეყნები კვლავ გამოხატავენ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ხელახლა აღნიშნავენ, რომ საქართველოს აქვს უფლება თავად განსაზღვროს მისი მომავალი და საგარეო პოლიტიკა გარე ჩარევის გარეშე

მოუწოდებენ რუსეთს, გაიყვანოს თავისი ძალები საქართველოს ტერიტორიებიდან, უკან წაიღოს მის მიერვე ოკუპირებული საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარება, შეწყვიტოს ამ რეგიონების მილიტარიზაცია და ადამიანის უფლებების დარღვევები, მათ შორის თვითნებური დაკავებები და საქართველოს მოქალაქეების შევიწროება.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსი აფასებს საქართველოს მონაწილეობას ნატო-ს ოპერაციებში. ეს ადასტურებს, რომ ქვეყანას შეუძლია თავისი წვლილი შეიტანოს ევროატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში. მოკავშირეები სრულად გამოიყენებენ ნატო-საქართველოს კომისიის ფორმატს და წლიურ ეროვნულ პროგრამას (ANP) საქართველოსთან პოლიტიკური დიალოგისა და პრაქტიკული თანამშრომლობის გასაღრმავებლად.

ევროატლანტიკური მისწრაფებების წინსვლისთვის ქვეყანამ რეფორმების განხორციელების პროცესში უნდა მიაღწიოს პროგრესს, მათ შორის საკვანძო დემოკრატიულ რეფორმებში და წლიური ეროვნული პროგრამის ინსტრუმენტი სათანადოდ გამოიყენოს

ნატო 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების ერთგული რჩება, თუმცა საქართველოსთან მიმართებით ალიანსში წევრობის განუყოფელ ნაწილს კვლავ გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მიღება წარმოადგენს.

მოკავშირეები მიესალმებიან ნატო-საქართველოს არსებითი, გაძლიერებული პაკეტის ფარგლებში მიღწეულ პროგრესს, მათ შორის კრიზისების მართვის, კიბერუსაფრთხოებისა და უსაფრთხო კომუნიკაციების მიმართულებებით.

ევროატლანტიკური მისწრაფებების წინსვლისთვის ქვეყანამ რეფორმებსის განხორციელების პროცესში უნდა მიაღწიოს პროგრესს, მათ შორის საკვანძო დემოკრატიულ რეფორმებში და წლიური ეროვნული პროგრამის ინსტრუმენტი სათანადოდ გამოიყენოს.

- საქართველოსთან მიმართებაში ვილნიუსის ნატო-ს სამიტზე თავისი აზრი გამოთქვა, საქართველოს დიდმა მეგობარმა, გამოცდილმა ამერიკელმა დიპლომატმა, წარსულში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ყოფილმა მრჩეველმა ევროპისა და ევრაზიის საკითხებში დენიელ ფრიდმა.

მან თქვა - „საქართველო ისე გამოიყურება, თითქოს ცდილობს თამაშიდან გავიდეს“. რა შეიძლება იყოს მიზეზი იმისა, რომ დენიელ ფრიდს ეფიქრა, რომ საქართველო თამაშიდან გასვლას ცდილობს?

- სამწუხაროა, როდესაც ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორთან და თავდაცვის, უსაფრთხოების სფეროში მოკავშირესთან - ამერიკის შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობის პროცესში ვერ ვითვალისწინებთ სტრატეგიული კომუნიკაციის შესაბამის წესებს.

საჭიროა მეტი დიალოგი ჩვენს პარტნიორებთან, რათა მათ მსგავსი აღქმები არ გაუჩნდეთ. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში, რეგულარულად, სტრატეგიულ თემებზე განხილვების ინიციირება და ორგანიზება. ეს ჩვენი საგარეო პოლიტიკური მიზნებისა და ამოცანების მისაღწევად აუცილებელია.

- ნატო-საქართველოს ურთიერთობებზე ჩვენ ბევრჯერ გვისაუბრია, თქვენთან დაკავშირებამდე გადავხედე „ინტერპრესნიუსთან“ თქვენს ინტერვიუებს.

გავიხსენებ მხოლოდ ორ მათგანს, სადაც თქვენ ამბობთ - „ნატო რუსეთის აგრესიის პირისპირ მყოფი პარტნიორების მხარდაჭერას ზრდის, რაც საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისათვის ახალ შესაძლებლობებს ქმნის“

და კიდევ - „პროაქტიული საგარეო პოლიტიკით საქართველო პარტნიორების მხარდაჭერის გაზრდასა და ევროინტეგრაციის პროცესის დაჩქარებას შევძლებთ“.

ვილნიუსის სამიტის ფონზე კვლავ გაქვთ იმედი, რომ „პროაქტიული საგარეო პოლიტიკით საქართველო პარტნიორების მხარდაჭერას გაზრდის და ევროინტეგრაციის პროცესს დააჩქარებს?

- პროაქტიული საგარეო პოლიტიკა გულისხმობს გარე აუდიტორიისათვის ქვეყნის მიღწევების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას დიპლომატიური, ციფრული პლატფორმების გამოყენებით, თანმიმდევრულობის დაცვით, საზღვარგარეთ მოქმედ დიპლომატიურ მისიებთან კოორდინირებული მუშაობით და სახელმწიფოს საერთაშორისო არენაზე საუკეთესოდ წარმოჩენას.

ამასთან, ეს ნიშნავს იმ ახალი ინიციატივებისა და ფართომასშტაბიანი საპროექტო წინადადებების შეთავაზებას პარტნიორებისათვის, რომლებსაც შეუძლიათ რეგიონში შექმნან ახალი ტიპის შესაძლებლობები როგორც ეკონომიკური თვალსაზრისით, ასევე სხვა მნიშვნელოვანი სფეროების გათვალისწინებით.

პროაქტიული საგარეო პოლიტიკა გულისხმობს გარე აუდიტორიისათვის ქვეყნის მიღწევების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას დიპლომატიური, ციფრული პლატფორმების გამოყენებით, თანმიმდევრულობის დაცვით, საზღვარგარეთ მოქმედ დიპლომატიურ მისიებთან კოორდინირებული მუშაობით და სახელმწიფოს საერთაშორისო არენაზე საუკეთესოდ წარმოჩენას

ამასთან, გლობალური თუ რეგიონული მიზნების მიღწევა, სტრატეგიული თემების მიხედვით, სამოქმედო გეგმების სწორად შემუშავებასა და მათი განხორციელების საშუალებების განსაზღვრას მოითხოვს.

ჩვენ მცირე სახელმწიფო ვართ. თავად უნდა ვიყოთ ინიციატორები იმისა, რაც ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ინტერესებში შედის. სწორედ პროაქტიული მიდგომა გაძლევს შესაძლებლობას პროცესში, პირველივე ეტაპიდანვე, ჩაერთო და მაქსიმალურად დაიცვა საკუთარი ეროვნული ინტერესები.

მეტიც, ხელი შეუწყო ახალი მექანიზმების თუ ფორმატების შექმნას განსაზღვრული მიზნების მისაღწევად ან მათ დასაჩქარებლად. ამდენად, პროაქტიული საგარეო პოლიტიკა მკაფიოდ წარმოაჩენს სახელმწიფოს მიერ განხორციელებულ რეფორმებს და მიანიშნებს ქვეყნის მზაობის იმ ხარისხზე, რომელიც ახდენს გავლენას ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით პარტნიორების მიერ მისაღებ გადაწყვეტილებებზე.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

ბავშვთა მიმართ სექსუალური ხასიათის დანაშაულები და მასთან დაკავშირებული პრობლემები - როგორ ამოვიცნოთ მოძალადე და როგორ უნდა დაეხმაროს მშობელი შვილს მომხდარის გადატანაში? - ფსიქოლოგის რეკომენდაციები
ვახტანგ ხმალაძე - როცა ცესკოს მიმართ ნდობა დაბალია, არჩევნების ჩატარება სახიფათო რისკების შემცველია
ქართული პრესის მიმოხილვა 22.02.2024
ჰიუნდაი ავტო საქართველოში შერჩეულ მოდელებზე მწარმოებლის ბონუსს მიიღებთ
ტერაბანკის პარტნიორობით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში პრე-აქსელერაციის პროგრამა დასრულდა
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოს უნივერსიტეტს ესტუმრა
მსოფლიოს წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიის, Salesforce-ის ოფიციალური წარმომადგენელი და პარტნიორი კომპანია INSPARK, საქართველოში იწყებს ოპერირებას
ალექსანდრე ჯეჯელავა საუბრობს 8 ცხოვრებისეულ მოლოდინზე, რომელიც ხშირად განგრევთ
სილქნეტის მაღაზიებში „National Geographic საქართველოს“ სპეციალურ ფასად შეიძენთ