გიული ალასანია -  რასაც ვუყურებ, ჩემი შვილი იმავე მდგომარეობაშია, საკმაოდ სუსტად - მინდა მადლობა გადავუხადო მატეუშ მორავეცკის, ვისი თამადობითაც მოხდა პოლონელი ექიმების ჩამოსვლა,  გამამხნევებელი იყო  ბაიდენის განცხადებაც, რომელმაც ხალხს ბრძოლისკენ მოუწოდა

გუშინ მალხაზ ურთქმელიძემ გააკეთა განცხადება, [მიხეილ სააკაშვილი] კარგად გამოიყურებაო. ბატონი ურთქმელიძე ქალბატონი რომ ყოფილიყო, ეს ჩემს შვილს შეიძლება კომპლიმენტადაც მიეღო - მე რასაც ვუყურებ, იმავე მდგომარეობაშია, საკმაოდ სუსტად, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ კლინიკა „ვივამედთან“ ჟურნალისტებს განუცხადა.

გარდა ამისა, მან პოლონელ ექიმებს, რომლებმაც მიხეილ სააკაშვილი მოინახულეს, მადლობა გადაუხადა.

„ძალიან ბევრი საათი გაატარეს, ყველაფერს აქ ვერ გააკეთებდნენ, რაღაც რეკომენდაციებიც გასცეს ალბათ. წერილობითი ფორმითაც წარმოადგენენ ამ ყველაფერს. ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა, პირველ რიგში, მატეუშ მორავეცკის, ვისი თამადობითაც მოხდა ეს ყველაფერი. მთელი ევროპა დადგა ფეხზე, ძალიან ბევრმა ევროპულმა გაზეთმა გამოაქვეყნა ჩემს შვილზე სტატიები. ძალიან გამამხნევებელი იყო პრეზიდენტ ბაიდენის გუშინდელი განცხადება, რომელმაც ქართველ ხალხს ბრძოლისკენ მოუწოდა. დღეს მაგალითად, სისხლის გადასხმას აპირებენ, ვერ არის ფორმაში. გუშინ მალხაზ ურთქმელიძემ გააკეთა განცხადება, კარგად გამოიყურებაო. ბატონი ურთქმელიძე ქალბატონი რომ ყოფილიყო, ეს ჩემს შვილს შეიძლება კომპლიმენტადაც მიეღო. შექმნილ ვითარებაში, რა ვიცი რა გითხრათ.

მე რასაც ვუყურებ, იმავე მდგომარეობაშია, საკმაოდ სუსტად. არ მაქვს ინფორმაცია პოლონელი ექიმები დღესაც გეგმავენ თუ არა მოსვლას. არ მაქვს არანაირი ინფორმაცია“, - განაცხადა გიული ალასანიამ.

ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ფოკუსირებულია რეპრესიებზე და შიშის დანერგვაზე - ის  არ დაუშვებს, დაისაჯონ ისინი, ვისზეც ხელისუფლება დგას
ქართული პრესის მიმოხილვა 23.01.2025
კახა ოქრიაშვილი - ამ სიტუაციაში ეკონომიკური სტაგნაცია გარდაუვალია
Samsung-მა ახალი Galaxy S25 სერია წარადგინა