დამაფიქრებელია, რომ ამ ისტორიულ გზაგასაყარზე, ამ ისტორიული შანსის პირობებში ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის, აშშ-ს პრეზიდენტი საქართველოს მოიხსენიებს ბელარუსთან ერთად, სადაც დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვის პრობლემებია - ეს სამწუხაროა, მაგრამ ჩვენ გასაკეთებელს ბაიდენი არ გააკეთებს, - ეს განცხადება ჟურნალისტებთან „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ გააკეთა.
მისივე შეფასებით, ვილნიუსის ნატოს სამიტზე ვნახეთ, რომ უკრაინის მიმართ ძლიერი მხარდაჭერა გამოიხატა, რაც ბუნებრივი იყო, მაგრამ ცუდია, რომ საქართველოს ამ პროცესისგან, ფაქტობრივად, ვერაფერი მიიღო.
მანჯგალაძე იმასაც ამბობს, რომ ასეთი შედეგი არის არა დასავლელი პარტნიორების ბრალი, არამედ „ქართული ოცნების“ დამსახურება.
„თქვენ იცით, გერმანული გამოცემა პირდაპირ საუბრობდა იმის შესახებ, რომ ირაკლი ღარიბაშვილი სასურველ სტუმრად არ იქნა მიჩნეული. ეს იმიტომ, რომ ბოლო დროის ყველა მაღალი რანგის სამიტზე ღარიბაშვილი საუბრობდა როგორც რუსი ტროლ-ბოტი. მან თქვა, რომ თურმე რუსეთი უკრაინას ნატოს გამო დაესხა თავს, რაც ხალხმა იმგვარად უნდა გაიგოს, რომ თუ ნატოსკენ არ წავალთ მშვიდობა იქნება. მოქალაქეებს უნდა ვუთხრათ სიმართლე, რომ 2008 წელს რუსეთი თავს იმიტომ დაგვეხვა, რომ ნატოს წევრები არ ვიყავით. უკრაინასაც თავს იმიტომ დაესხა, რომ ნატოში არ იყო. უფრო აღიზიანებს 1.5 მილიონიანი ესტონეთი, რომელიც რუსი ეროვნების მოსახლეობის 25%-ს მოქალაქეობას არ აძლევს, მაგრამ საზღვარზე ჩიტსაც ვერ აუფრენს - რატომ? იმიტომ, რომ ესტონეთი არის ნატოს წევრი. 1.5-მილიონიანი ესტონეთი უფრო დაცულია, ვიდრე 40-მილიონიანი უკრაინა. ეს არის მაგალითი იმისა, რომ საქართველოს მომავალი არის ნატოსა და ევროპაში, მაგრამ სამწუხაროა, რომ ამ ისტორიული შესაძლებლობების დროს ჩვენ გყავს ხელისუფლება, ვისაც ეს არ აინტერესებს“, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.