ცესკოს და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები 29 აპრილის არჩევნების ძირითად მიგნებებზე მსჯელობენ

29 აპრილის შუალედური/რიგგარეშე არჩევნებისას მიღებული გამოცდილების, მიგნებებისა და სამომავლო გეგმების შესახებ მსჯელობენ ცენტრალური საარჩევნო კომისიისა (ცესკო) და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ახალი ფორმატის სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე. ამის შესახებ ინფორმაციას ცესკო ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, შეხვედრა ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორის მოადგილე დავით ღონღაძესთან ერთად გახსნა და მსგავსი ტიპის შეხვედრების მნიშვნელობაზე და დროულობაზე ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, მიმდინარე წლის ოქტომბერის თვეში გასამართი შუალედური/რიგგარეშე არჩევნების წინ აღნიშნული შეხვედრა კარგი შესაძლებლობაა, რათა მხარეებს შორის სხვადასხვა მნიშვნელოვან საარჩევნო საკითხზე მოხდეს გამოცდილების გაზიარება და შეთანხმება.

„შეხვედრის ფარგლებში სამუშაო ჯგუფის მონაწილე ორგანიზაციებს შესაძლებლობა აქვთ ორმხრივი დისკუსიის ფარგლებში ერთმანეთს გაუზიარონ 29 აპრილის არჩევნებზე დაკვირვების შედეგად მიღებული გამოცდილება და კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით გაუმჯობესებისა და განვითარების გზები. აღნიშნული პლატფორმა, გარდა კონკრეტული არჩევნების შეფასებისა, ასევე შესაძლებლობას გვაძლევს ღია დისკუსიის ფარგლებში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით ერთობლივი გადაწყვეტილებები შევიმუშაოთ, რომელიც თავის მხრივ მნიშვნელოვანი კონტრიბუცია იქნება საარჩევნო პროცესის შემდგომი განვითარებისთვის,“ - განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა შეხვედრის მიმდინარეობისას.

29 აპრილის არჩევნებზე დაკვირვების შედეგად მიღებულ გამოცდილებაზე და რეკომენდაციებზე ვრცლად ისაუბრა „განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის“ წარმომადგენელმა პაატა ყვავაძემ, რომელმაც შეხვედრის მონაწილეებს ორგანიზაციის ანგარიში გააცნო.

მისი შეფასებით, ტექნოლოგიების ფართო მასშტაბით გამოყენებამ კენჭისყრის და ხმის დათვლის პროცესი საგრძნობლად გაამარტივა. რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, როგორც მან აღნიშნა „მსგავსი ტიპის შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია როგორც საარჩევნო ადმინისტრაციისთვის, ისე ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციებისთვის. სწორედ შეხვედრების ამგვარი ფორმატის რეკომენდაციას იძლეოდა ეუთოს და ვენეციის კომისიის ერთობლივი დოკუმენტიც, რადგან ახალი ტექნოლოგიების დანერგვის კვალდაკვალ მსგავსი ტიპის შეხვედრები საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას მნიშვნელოვნად უწობს ხელს.“

„საკუთარი მიგნებები და რეკომენდაციები წარადგინეს 29 აპრილის არჩევნებთან დაკავშირებით ასევე „ღია სივრცე კავკასიის“ (COS) თავმჯდომარე ირმა პავლიაშვილმა და სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) წარმომადგენელმა შოთა ნარსიამ. სხვადასხვა მნიშნელოვან საკითხებზე გაიმართა დისკუსია, რომელშიც შეხვედრის ყველა მონაწილე აქტიურად იყო ჩართული.

საარჩევნო პროცესში ტექნოლოგიების გამოყენების უპირატესობებზე, ადმინისტრაციის წინაშე არსებულ გამოწვევებზე და სამართლებრივი გადაწყვეტის გზებზე შეხვედრის მონაწილეებს ინფორმაცია ცესკოს საარჩევნო პროცესების მართვის დეპარტამენტის უფროსმა ეკა ცაბაშვილმა და იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა გიორგი სანტურიანმა მიაწოდეს. მათ ასევე ვრცლად ისაუბრეს მიმდინარე წლის ოქტომბრის თვეში დაგეგმილი არჩევნების მზადების პროცესზეც.

თავის მხრივ ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა შეხვედრის მონაწილეებს მადლობა გადაუხადა ჩართულობისთვის და აღნიშნა, რომ სადამკვირვებლო ორგანიზაციების როლი და მათი რეკომენდაციებისა და მოსაზრებების მოსმენა ადმინისტრაციას საშუალებას აძლევს პროცესი მეტად სანდო და გამჭვირვალე გახადოს. სწორედ ამიტომ, საარჩევნო ადმინისტრაცია ამ ტიპის შეხვედრებს კვლავ გააგრძელებს, რათა პერიოდულად მოხდეს ყველა მნიშვნელოვანი საკითხის ჩართულ მხარეებთან ერთად განხილვა. როგორც გიორგი კალანდარიშვილმა აღნიშნა პროცესის ინკლუზიურობა და არასამთავრობო სექტორთან კონსტრუქციული თანამშრომლობა საბოლოო ჯამში საარჩევნო პროცესის განვითარებას და ეფექტიანად წარმართვას შეუწყობს ხელს.

გასვლითი სამუშაო შეხვედრა, რომელიც გუდაურში 12 ივლისს დაიწყო და ხვალ დასრულდება, საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) ტექნიკური მხარდაჭერით იმართება“, - აღნიშნულია ცესკო-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს