„სტრატეგია აღმაშენებლის" გენერალური მდივნის, პაატა მანჯგალაძის განცხადებით, ხელისუფლებამ საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე უნდა იმოქმედოს, გაითვალისწინოს ევროპარლამენტარების მოწოდებები და მიხეილ სააკაშვილი სამკურნალოდ გადაიყვანოს.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მიხეილ სააკაშვილი საკონცენტრაციო ბანაკის პატიმარს ჰგავს.
„არასწორიც რომ იყოს ეს მომართვა და როგორც „ქართული ოცნება“ ამბობს, ყველაფერი იდეალურად რომ იყოს, თუ ევროპარლამენტარები ასე ფიქრობენ, საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარეც, მაგალითად, ჩვენ რომ ხელისუფლებაში ვიყოთ, გავაკეთებდით. სააკაშვილის ვიზუალური, ფიზიკური დათვალიერებაც კი საკმარისია, დაინახო, რომ ადამიანი კარგად არ არის. საკონცენტრაციო ბანაკის პატიმარს რომ ჰგავს 21-ე საუკუნეში ყოფილი პრეზიდენტი, ეს არის ძალიან მძიმე“,- განაცხადა მანჯგალაძემ.
როგორც მან განმარტა, ჰუმანურობის მიზნებიდან გამომდინარე, მიხეილ სააკაშვილი სამკურნალოდ უნდა გადაიყვანონ.
„როცა ხედავთ, ადამიანი საკონცენტრაციო ბანაკის პატიმარს ჰგავს, ჩამოვიდა ექიმების სპეციალური მისია, დაათვალიერეს პატიმარი და ამას მოჰყვა ეს წერილი. სამკურნალოდ უნდა გავუშვათ. იმას კი არ ვამბობთ, რომ საქმეები შეწყდეს“,-განაცხადა მანჯგალაძემ.
ცნობისთვის, ევროპარლამენტარები საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სამკურნალოდ ევროკავშირის ერთ-ერთ სახელმწიფოში გადაიყვანონ.