დღეს რამე თანამდებობებზე ან საერთო სიებზე საუბარი, სრულიად გაუგებრად მიმაჩნია. საერთო ბრძოლაზე ვისაუბროთ - ესაა მნიშვნელოვანი და დარწმუნებული ვარ, რომ შედეგის მომტანი და ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიული და რუსული რეჟიმის დამმარცხებელი იქნება,- ამის შესახებ განცხადებას “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” რეგიონული მდივანი, გიორგი ბოტკოველი ავრცელებს, რითაც რამდენიმე ოპოზიციური პარტიის შესაძლო გაერთიანებას ეხმაურება.
მისივე განმარტებით, „ოპოზიციური ერთობა უნდა შედგეს“.
„ის, რომ ოპოზიციური ერთობა, ერთად ბრძოლა და ოპოზიციის კონსოლიდირება უნდა მოხდეს, ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, გასაგებია. ჩვენ გვინახავს ერთობით ბრძოლა როგორია და ეს იქნება ყოველთვის გამარჯვების ფორმულა. სანამ რამე ერთობა შედგება, ვინმემ თანამდებობები ინაწილოს და ვიღაცის თანამდებობაზე წარსადგენად, რაღაც ვერსიები გამოთქვან, რა თქმა უნდა, გამარჯვების ფორმულა ვერასდროს იქნება. ამიტომ, მივესალმები და ჩვენი საერთო პოზიცია არის ის, რომ ოპოზიციური ერთობა უნდა შედგეს. მთავარი ისაა, რომ ქვეყანა გადასარჩენია და ერთობა უნდა ჰქონდეს ნებისმიერ პროევროპულ ძალას. ესაა მნიშვნელოვანი და მთავარი. დღეს რამე თანამდებობებზე ან საერთო სიებზე საუბარი სრულიად გაუგებრად მიმაჩნია. საერთო ბრძოლაზე ვისაუბროთ. ესაა მნიშვნელოვანი და დარწმუნებული ვარ, რომ შედეგის მომტანი და ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიული და რუსული რეჟიმის დამმარცხებელი იქნება. მთავარი ისაა, რომ მიხეილ სააკაშვილი და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ერთად მიიღებენ გადაწყვეტილებას, თუ ვინ იქნება პრემიერობის კანდიდატი, დანარჩენი ყველაფერი არის სპეკულაცია,“ - აცხადებს გიორგი ბოტკოველი.