უკრაინის შემდეგ თუ ვინმეს ინტერესებში შედის, რომ დასავლურ სანქციებს კონკრეტული შედეგი ჰქონდეს, არის საქართველო, მაგრამ საქართველოს ხელისუფლება ემსახურება არა საქართველოს ინტერესებს, არამედ რუსეთის ინტერესებს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ანტიკორუფციული მიმართულების მდივანმა, ვასო ურუშაძემ განაცხადა, რითაც „რუსეთიდან საქართველოში გახშირებულ ფრენებს“ გამოეხმაურა.
მისი თქმით, ხელისუფლება ნაცვლად იმისა, რომ ეროვნულ ინტერესებს ატარებდეს, ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ „პუტინის ტერორისტულმა რეჟიმმა მარტივად მოახერხოს და გვერდი აუაროს სანქციებს“.
„უკრაინის შემდეგ თუ ვინმეს ინტერესებში შედის, რომ დასავლურ სანქციებს ჰქონდეს კონკრეტული შედეგი, რაც გამოიხატებოდა პუტინის ტერორისტული რეჟიმის დასრულებით, არის საქართველო, იმიტომ რომ, ეს უკავშირდება ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, ეკონომიკურ თავისუფლებას და ევროკავშირში ინტეგრაციას. თუმცა ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც ნაცვლად იმისა, რომ ატარებდეს ეროვნულ ინტერესებს, ატარებდეს საქართველოს მოქალაქეების ინტერესებს, ხელს უწყობდეს ადგილობრივი ავიაციის განვითარებას, ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ პუტინის ტერორისტულმა რეჟიმმა მარტივად მოახერხოს და გვერდი აუაროს სანქციებს და საქართველოს აეროპორტები, სატრანსპორტო ლოგისტიკა, სატრანსპორტო დერეფანი გამოყენებული იყოს არა საქართველოს ინტერესებისთვის, არამედ რუსული ინტერესების დასაკმაყოფილებლად“, - განაცხადა ვასო ურუშაძემ, რომლის კომენტარსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.