ანა ნაცვლიშვილი - რამდენად არის „ნაციონალური მოძრაობა“ მთავარი ოპოზიციური პარტია არ ვიცი, ამას ვერ ვხედავ ველზე, სადაც ვოპერირებ - გამოცდილებამ მანახა, რომ მექანიკური გაერთიანებები არ არის მყარი

„ქართულ ოცნებას“ დაამარცხებს სიახლე, პოლიტიკაში არსებითი სიახლე, სიახლე პოლიტიკურ ხედვებში, ალტერნატივის შეთავაზება საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომლებსაც ისინი ამდენი ხანია ელიან, - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ნაცვლიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

ნაცვლიშვილის შეფასებით, ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრი არის გამარჯვების გასაღები.

„ქართველ ხალხს სჭირდება დაინახოს პოლიტიკური აქტორები, რომლებიც სახელი და გვარების შეცვლას კი არ დაჰპირდებიან, არამედ იმას თუ რას მოუტანს შეცვლილი სახელი და გვარები საქართველოს მოქალაქეებს. საზოგადოება ითხოვს ახალს, თვისობრივად განახლებულ პოლიტიკურ სპექტრს. ახალ, სუფთა ადამიანებს, რომლებსაც არ ამძიმებს შეცდომები და დანაშაულები.

პოლიტიკურ სპექტრში, რაც ბოლო წლების განმავლობაში ხდება, ნათლად აჩვენებს, რომ სწორედ ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრი არის გამარჯვების გასაღები. ყოველი არჩევნების წინ არ შეიძლება ერთი და იგივე რეცეპტი შესთავაზო ამომრჩეველს, თან ის რეცეპტი, რომელიც არ მუშაობს“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

მისივე შეფასებით, მთავარი საკითხია, ვის შეუძლია ამომრჩეველს შესთავაზოს რადიკალური სიახლე.

ნაცვლიშვილის თქმით, მას არ სჯერა მექანიკური პოლიტიკური გაერთიანებების.

„მე ვისიც და რისიც მჯერა მათთან ვარ, ეს არის პოლიტიკური გაერთიანება „ლელო“ . თუ დავინახავ, რომ ვინმეს უკეთესი რეცეპტი აქვს, ვიზრუნებ იმაზე , რომ „ლელოსთან“ მოხდეს შეჯერება და კონსენსუსი.

რამდენად არის „ნაციონალური მოძრაობა“ მთავარი ოპოზიციური პარტია არ ვიცი, ამას ვერ ვხედავ იმ ველზე სადაც მე ვოპერირებ - საპარლამენტო ველია ეს და სიმართლე გითხრათ, ვერც გარეთ.

არა მექანიკური გაერთიანებები, რაღაც ეფექტის მოსახდენად, არამედ რეალური ღირებულებითი ერთობა - მე ამის არ მჯერა. არა იმიტომ, რომ არ მომწონს, გამოცდილებამ მანახა, რომ ასეთი გაერთიანება არ არის მყარი და ამომრჩეველს ვერ სთავაზობს ღირებულებით სიახლეს“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ფოკუსირებულია რეპრესიებზე და შიშის დანერგვაზე - ის  არ დაუშვებს, დაისაჯონ ისინი, ვისზეც ხელისუფლება დგას
ქართული პრესის მიმოხილვა 23.01.2025
კახა ოქრიაშვილი - ამ სიტუაციაში ეკონომიკური სტაგნაცია გარდაუვალია
Samsung-მა ახალი Galaxy S25 სერია წარადგინა