მსოფლიო პოლიტიკის ქართული ხაზი ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.
მისი თქმით, ევროპის ქვეყნებიდან ოფიციალური ვიზიტებით ჩამოსული პირები ამბობენ, რომ ქვეყანაში „შესანიშნავი მდგომარეობაა“, ხოლო ევროპაში გარკვეული ჯგუფის შეფასებები საქართველოს შესახებ რადიკალურად განსხვავებულია.
„იქ უკრაინა ანგარიშს წარმოგვიდგენს და გვირჩევს საქმეს, იქ ევროპარლამენტარები, იქ ამერიკული თემა წამოტივტივდა ელჩის სახით. ფაქტია, რომ რაღაც მნიშვნელოვანი ხდება. ამ დროს ყველა ჩამოსული პირი, ოფიციალური დელეგაციები, ევროპის ქვეყნებიდან ლამის ყოველდღე ჩამოდიან, ყველა აღნიშნავს, რომ აქ შესანიშნავი მდგომარეობაა. ასეთი განსხვავებებია ოფიციალურ ვერსიებსა და ამ ჯგუფებს შორის, რთული საკითხია ამ განსხვავებების აღწერა“, - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.
ამასთანავე, პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ გადაცემაში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შესახებაც ისაუბრა.
კითხვაზე, იქნება თუ არა უკეთესი, რომ მიხეილ სააკაშვილი სპეციალური სამაჯურით შინაპატიმრობაში იმყოფებოდეს, რამაზ საყვარელიძემ აღნიშნა, რომ სავარაუდოდ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარის, ნიკა მელიას ნაცვლად, მიხეილ სააკაშვილიც სამაჯურს ძალიან მალე თავისი ნებით მოიხსნის.
„„ნაციონალური მოძრაობის“ სტაჟი სამაჯურით ყოფნისა, ვიცით როგორიცაა. მელიამ მოისროლა სამაჯური. მელიამ რომ მოისროლა, ქვეყნის პრეზიდენტი არ მოისვრის სამაჯურს? და მეორე, სარკოზიმ პოლიტიკური აქტივობა შეწყვიტა, სააკაშვილი შეწყვეტს პოლიტიკურ აქტივობას? კაცმა განაცხადა პოლიტიკაში მოვდივარო“, - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.