სამწუხაროდ, ევროპარლამენტარების წერილში ვერცერთი ბოდიში ვერ ამოვიკითხე - ერთადერთი მოლოდინი მაქვს ამ დეპუტატებისგან, რომ ვნახავ ბოდიშის სიტყვებს ქართველი ხალხის მიმართ იმის გამო, რომ წელიწადზე მეტია, ეს ევროპარლამენტარები დეზინფორმაციული კამპანიის მონაწილეები არიან, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის სხვა ქვეყანაში სამკურნალოდ გადაყვანის თაობაზე ევროპარლამენტარების მოწოდებას.
პაპუაშვილის თქმით, ვინც კი მიხეილ სააკაშვილის საკითხს გაეკარა, ყველა შერცხვა საქართველოს წინაშე, მათ შორის ევროპარლამენტარები, უკრაინის პრეზიდენტი და ელჩები.
„მივიღე წერილი, წავიკითხე და სამწუხაროდ, ამ წერილში ვერცერთი ბოდიში ვერ ამოვიკითხე. ერთადერთი მოლოდინი მაქვს ამ დეპუტატებისგან, რომ ვნახავ ბოდიშის სიტყვებს ქართველი ხალხის მიმართ იმის გამო, რომ წელიწადზე მეტია, ეს ევროპარლამენტარები არიან მონაწილეები იმ დეზინფორმაციული კამპანიის, რომელიც მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით მიმდინარეობს - თითქოს სათანადო სამედიცინო მომსახურება არ მიეწოდება, თითქოს მოწამლეს, აწამეს. არა მხოლოდ ამ კამპანიის მონაწილეები არიან, არამედ რეზოლუციაც კი მიიღეს.
ჩვენ და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ერთ აზრზე ვართ, რომ ეს ყველაფერი ტყუილს ეფუძნება. სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ მას მიეწოდება ყველა სათანადო სერვისი და ის არის თვითდაზიანების პროცესში. სამწუხაროა, რომ ვინც გაეკარა მიხეილ სააკაშვილის საკითხს, ყველა შერცხვა საქართველოს წინაშე. შერცხვა ევროპარლამენტი, რომელმაც რეზოლუციები მიიღო; შერცხვა უკრაინის პრეზიდენტი - ნაცვლად იმისა, რომ მადლობა გადაეხადათ საქართველოს ელჩისთვის, რომელიც ერთადერთი იყო, ვინც კიევში დარჩა ბოლო მომენტამდე, რუსულ ბომბებს არ შეუშინდა და ქართულ დროშას აფრიალებდა, გამოაძევეს იქიდან; შერცხვნენ ყოფილი ელჩები, რომლებიც მონაწილეები არიან ამ დეზინფორმაციისა; შერცხვნენ მოქმედი ელჩები, რომლებმაც იუსტიციის მინისტრს დემარშით მიაკითხეს“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ წერილში, რომელსაც ხელს 44 ევროპარლამენტარი აწერს და რომლის ადრესატები საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი და პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი არიან, ევროპარლამენტარები ხელისუფლებას მოუწოდებენ, მხარი დაუჭირონ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას ევროკავშირის ერთ-ერთ წევრ სახელმწიფოში, სადაც ის საჭირო და შესაბამისი სამედიცინო დახმარების მიღებას შეძლებს.
„მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის დაჩქარებული გაუარესების გათვალისწინებით, სასწრაფოდ მოგიწოდებთ, მხარი დაუჭიროთ ერთადერთ თანამგრძნობ, მორალურად სამართლიან და ქმედით გადაწყვეტილებას: ყოფილი პრეზიდენტის გადაყვანას ევროკავშირის ერთ-ერთ წევრ სახელმწიფოში, სადაც ის შეძლებს მიიღოს საჭირო და შესაბამისი სამედიცინო დახმარება“, - ნათქვამია წერილში.