როდესაც კონკრეტული უცხოელი პოლიტიკოსები საქართველოში სამართლის უზენაესობის წინააღმდეგ მიდიან, ეს არაჯანსაღი ქმედებაა - 600-დღიანი სპექტაკლი ჩაიშალა, თუმცა მაინც გადაწყვიტეს მისი განახლება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის სხვა ქვეყანაში სამკურნალოდ გადაყვანის თაობაზე ევროპარლამენტარების მოწოდებას.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით ფართო კოორდინაციაა და ეს „სამარცხვინოა“.
„ჩვენ ვიხილეთ 600-დღიანი სპექტაკლი, რომელიც ჩაიშალა, რადგან სტრასბურგის ჟურნალისტებს დაადგინა, რომ პატიმრის მიმართ მოპყრობა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის სათანადო, თუმცა მაინც გადაწყვიტეს ამ სპექტაკლის განახლება. ვხედავთ, რომ ფართო კოორდინაციაა ამ ყველაფრის გარშემო. სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები, პოლიტიკოსები ჰყავთ ჩართული. ეს კოორდინაცია სამარცხვინოა. რეალურად, მიხეილ სააკაშვილმა, რა თქმა უნდა, ბოლომდე უნდა მოიხადოს სასჯელი, რათა კანონი აღსრულდეს. ეს არის ერთადერთი მიზანი, რაც ხელისუფლებას აქვს. როდესაც კონკრეტული უცხოელი პოლიტიკოსები საქართველოში სამართლის უზენაესობის წინააღმდეგ მიდიან, ეს არაჯანსაღი ქმედებაა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ წერილში, რომელსაც ხელს 44 ევროპარლამენტარი აწერს და რომლის ადრესატები საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი და პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი არიან, ევროპარლამენტარები ხელისუფლებას მოუწოდებენ, მხარი დაუჭირონ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას ევროკავშირის ერთ-ერთ წევრ სახელმწიფოში, სადაც ის საჭირო და შესაბამისი სამედიცინო დახმარების მიღებას შეძლებს.
„მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის დაჩქარებული გაუარესების გათვალისწინებით, სასწრაფოდ მოგიწოდებთ, მხარი დაუჭიროთ ერთადერთ თანამგრძნობ, მორალურად სამართლიან და ქმედით გადაწყვეტილებას: ყოფილი პრეზიდენტის გადაყვანას ევროკავშირის ერთ-ერთ წევრ სახელმწიფოში, სადაც ის შეძლებს მიიღოს საჭირო და შესაბამისი სამედიცინო დახმარება“, - ნათქვამია წერილში.