ჩემთვის გაუგებარია, უკრაინის ხელისუფლებას რატომ რჩება დრო, რომ ჩვენს შიდა პოლიტიკურ საკითხებზე გააკეთონ კონცენტრირება- ჯერ მიხედონ საკუთარ თავს, მიხედონ საკუთარ ქვეყანას, საკუთარი ტერიტორიების დეოკუპაციას. ჩვენ მივხედავთ ჩვენს ქვეყანას,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინასთან დაკავშირებით განაცხადა.
ღარიბაშვილის თქმით, საქართველოს ხელისუფლებას აქვს თავისი ხედვა და გეგმა, რომელსაც თანმიმდევრულად მიჰყვება და მას არ სჭირდება არავის რჩება და მით უმეტეს ჩარევა.
„ჩემთვის გაუგებარია, უკრაინის ხელისუფლებას რატომ რჩება დრო, რომ ჩვენს შიდა პოლიტიკურ საკითხებზე გააკეთონ კონცენტრირება. ეს ხომ ძალიან ხელოვნურია და ეს ხომ კიდევ ერთხელ აძლიერებს ამ კონსპირაციულ თეორიას, რომელიც ძალიან ბევრი მოგვისმენია ჩვენს ქვეყანაში თუ ქვეყნის გარეთ. რატომ უნდა ჰქონდეს მოტივაცია უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომ ჩვენს შიდა პოლიტიკურ საკითხებზე იყვნენ კონცენტრირებულნი, მაშინ, როდესაც 20-მა მილიონმა უკრაინელმა დატოვა საკუთარი სახლი, ტრილიონი დოლარის ზიანია, 20% ოკუპირებული ტერიტორიები - ჯერ მიხედონ საკუთარ თავს, მიხედონ საკუთარ ქვეყანას, საკუთარი ტერიტორიების დეოკუპაციას. ჩვენ მივხედავთ ჩვენს ქვეყანას, ჩვენ ჩვენი ხედვა გვაქვს, ჩვენი გეგმა გვაქვს და მივყვებით ამ გეგმას თანმიმდევრულად, ჩვენ არ გვჭირდება არავის არც რჩება და არც, მით უმეტეს, მათი ჩარევა ჩვენს შიდა პოლიტიკურ საკითხებში. ეს არის ყოვლად მიუღებელი!“ - განაცხადა ღარიბაშვილმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, რადას დეპუტატების მიმართვა სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით, მათი პოლიტიკის შემადგენელი ნაწილია.
როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, მათ არ სურთ, რომ საქართველოში იყო ქვეყნისა და ხალხის ეროვნულ ინტერესებზე ორიენტირებული ხელისუფლება.
„ძალიან რთულია საზოგადოების მოტყუება, ჩვენ ყველამ ყველაფერი კარგად ვიცით, ვიცით მიზანი, რის გამოც ჩამოვიდა სააკაშვილი აქ - რომ უნდა მოეწყო რევოლუცია, გადატრიალება, არეულობა და ორ თვეში დაიწყო ომი. ამის შემდეგ გახსოვთ თქვენ უკრაინის ხელისუფლების განცხადებები, რომ სააკაშვილი არის ომის ადამიანი, რომ ის ომს დაიწყებდა რუსეთის წინააღმდეგ, რომ ჩვენი მთავრობა თურმე არ არის ომისთვის განწყობილი, ასევე მოვისმენთ უშიშროების საბჭოს მდივნის განცხადება, რომ მათი სურვილი იყო მეორე ფრონტის გახსნა. სიტყვა „მეორე ფრონტი“ მათგან მომდინარეობს ეს ჩვენ არ მოგვიგონია. ამიტომ რატომ უკვირთ, რომ ხალხს აქვს გარკვეული იმედგაცრუება და თუნდაც განაწყენებული ვართ. რაც შეეხება რადას დეპუტატების მომართვას, ეს გასაგებია, შემადგენელია ამ პროცესის და ამ პოლიტიკის. მათი მიზანი იყო ძალიან მარტივი, რა თქმა უნდა, მათ აწყობდათ და აწყობთ, რომ ამ ქვეყანაში არ იყოს მშვიდობა, დალაგებული მთავრობა, რომელიც ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს და ჩვენი ხალხის ინტერესებს იცავს. არამედ, მათი ინტერესების გამტარებელი ხელისუფლება სჭირდებათ ქვეყანაში, რომ რამენაირად რუსეთის ყურადღება გადაერთოს სხვა მიმართულებაზე, სხვა ფლანგებზე, სხვა ფრონტებზე, მაგრამ ჩვენ ამას არ დავუშვებთ!“- განაცხადა ღარიბაშვილმა.
მან კიდევ ერთხელ მწუხარება გამოხატა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ელჩი უკრაინაში კონსულტაციების მიზნით ქვეყნიდან გამოუშვეს.
„იცით კარგად, რომ ყველაზე რთულ დღეებში ყველა საელჩომ, მათ შორის, დასავლეთის ქვეყნებმა, დატოვეს უკრაინა და კიევი, ჩვენი ელჩი თითქმის ბოლო ელჩი იყო, რომელიც დარჩა კიევში, ფეხი არ მოიცვალა, დარჩა ბოლომდე ვაჟკაცურად, იცავდა ჩვენს ინტერესებს და ეხმარებოდა ადგილზე ჩვენს უკრაინელებს. ასე დაუფასეს და ასე დაგვიფასეს ჩვენ უკრაინელებმა მაშინ, როდესაც ბევრი ქვეყანა, რომელიც პირდაპირ ჩართული იყო ამ პროცესში და რუსეთის მხარე ეკავა, იმ ქვეყნებში ელჩები დღემდე ჰყავთ“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.