საქართველო, ქართული ჯარი არის სრულად თავსებადი ნატო-ს სტანდარტებთან, ქართული სახელმწიფო და ინსტიტუტები აბსოლუტურად აკმაყოფილებენ ნატო-ს ყველა სტანდარტს, ერთადერთი დარჩენილია თავად ნატო-ს წევრი ქვეყნების პოლიტიკური გადაწყვეტილება, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, სამწუხაროა, რომ თავად ნატოს არ ჰყოფნის პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებისთვის საჭირო მზაობა.
„ყურადღება გამახვილებული იყო თავისთავად, უკრაინაზე. ჩვენ ვნახეთ, რომ თავად უკმაყოფილო არინ იმ შედეგით, რომელიც სამიტიდან წაიღეს. გასაგებია ნატო-ს წევრი ქვეყნების სიფრთხილეც გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით. ვნახოთ, მთავარია, რომ ნატო-ს წევრი ქვეყნები თავად ჩამოყალიბდნენ“,- განაცხადა პაპუაშვილმა.
რაც შეეხება საქართველოს, ყველანაირად მზად არის, რომ გახდეს ნატო-ს წევრი და საუბარი იმაზე, თითქოს რაღაც რეფორმებია კიდევ ჩასატარებელი ეს არის მხოლოდ საბაბი.
„სამწუხაროდ, თავად ნატო-ს არ ჰყოფნის პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებისთვის საჭირო მზაობა. ერთადერთი რამე, რაც არის დარჩენილი, ეს არის თავად ნატო-ს წევრი ქვეყნების პოლიტიკური გადაწყვეტილება. საქართველო, ქართული ჯარი არის სრულად თავსებადი ნატო-ს სტანდარტებთან, ქართული სახელმწიფო და ინსტიტუტები აბსოლუტურად აკმაყოფილებს ყველა სტანდარტს ნატო-სი. შეადარეთ, აიღეთ ნებისმიერი შეფასება და ნახავთ, რომ საქართველო ნატო-ს ხუთ, ექვს, შვიდ ქვეყანას უსწრებს სხვადასხვა პარამეტრებით, სახელმწიფო ინსტიტუტების სიძლიერით და დემოკრატიულობის გადმოსახედიდან“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.