ღარიბაშვილის განცხადება აჩვენებს სიბრიყვეს და ამ პუტინისტური სულისკვეთების რეჟიმის დამოკიდებულებას, რომელსაც უნდა უიმედობა და ნიჰილიზმი დანერგოს საზოგადოებაში, ჩვენს დასავლურ ინტეგრაციასთან დაკავშირებით, - ასე აფასებს „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერია, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომლის თანახმად, „თუ უკრაინამ რუსეთი დაამარცხა, ნატო-ს წევრობა რაღაში დასჭირდება?!“
როგორც ბოკერია აღნიშნავს, საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგაც, დასუსტებული რუსეთიც საფრთხე იყო ჩვენს რეგიონში.
" ღარიბაშვილი მისი ლოგიკით რას გვეუბნება?! - როცა უკრაინა მტერს მოიგერიებს, არ უნდა იზრუნოს იმაზე, რომ დაცული იყოს და უნდა დაელოდოს, როდის დაესხმება თავს რუსეთი ხელახლა, რომ ისევ დიდი მსხვერპლი დასჭირდეს?! საქართველოზეც იგივე ითქმის. რუსეთი დასუსტდება მას შემდეგ, რაც მისი წარუმატებელი აგრესია უკრაინაში დასრულდება და ჩვენ არ უნდა ვიზრუნოთ, რომ საფრთხე არ იყოს, ნატო აღარ უნდა გვინდოდეს?! რა სიბრიყვე და ბოდვაა. ჩვენ ხომ ნანახი გვაქვს, რომ საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგაც, დასუსტებული რუსეთიც საფრთხე იყო და ჩვენს რეგიონში, შესაძლოა, ახალი საფრთხეებიც წარმოიშვას", - აღნიშნავს ბოკერია.
მისი თქმით, ნატო-ს და აშშ-ს გარდა, სხვა გარანტია ჩვენი უსაფრთხოებისთვის არ არსებობს.
"ღარიბაშვილის ეს განცხადება აჩვენებს სიბრიყვეს და ამ პუტინისტური სულისკვეთების რეჟიმის დამოკიდებულებას, რომელსაც უნდა უიმედობა და ნიჰილიზმი დანერგოს საზოგადოებაში, ჩვენს დასავლურ ინტეგრაციასთან დაკავშირებით.
ჩვენი ეროვნული ინტერესია, რომ რუსული აგრესიის წინააღმდეგობის დროს, ამ ტალღაზე, ჩვენ ვიზრუნოთ ჩვენს ეროვნულ უსაფრთხოებაზე. ოღონდ ეს ზრუნვა უკრაინისგან დისტანცირება კი არ არის, დასავლეთისგან და პირისპირ მარტო დარჩენა რუსეთთან. ეს ყველაზე დიდი საფრთხეა. ჩვენ რომ ნორმალური მთავრობა გვყოლოდა, უნდა გვესარგებლა ამ ტალღით, რომ ნატო-ში გაწევრიანების პროცესში წინა რიგში ვყოფილიყავით. ამის ნაცვლად, ჩვენ ვშორდებით ცივილიზებულ სამყაროს და ამით ეს რეჟიმი ჩვენს ქვეყანას უსაზღვროდ უზრდის საფრთხეს, თუ ის დაგვტოვებს მარტოს, პირისპირ რუსეთთან ისე, როგორც 90-იან წლებში მოგვივიდა",- აღნიშნავს გიგა ბოკერია.
ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ნატო-ს სამიტზე პირდაპირ განაცხადეს, რომ უკრაინა ნატო-ში ვერ შევა, სანამ რუსეთს არ დაამარცხებს.
„თუ უკრაინამ რუსეთი დაამარცხა, ნატო-ს წევრობა რაღაში დასჭირდება?!“,- აღნიშნა პრემიერმა.