მოხარული ვარ, რომ პოლონელი ექიმების ჯგუფი ჩამოვიდა საქართველოში და მიეცათ უფლება, მოენახულებინათ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.
მისვე თქმით, მიხეილ სააკაშვილის უფლებები სრულად უნდა იყოს დაცული.
„ძალიან კარგია, რომ პოლონელმა ექიმებმა რამდენიმე საათი გაატარეს პაციენტთან. ასევე, მოხარული ვარ, რომ ისინი ესაუბრნენ „ვივამედის“ ექიმებს, რომლებიც ზრუნავენ მასზე. გულწრფელად მაქვს იმედი, რომ მათი ექსპერტიზა ხელს შეუწყობს პაციენტის მკურნალობას. მინდა, მადლიერება გამოვხატო საქართველოს ხელისუფლების მიმართ. გარკვეული დრო დასჭირდა იმის უზრუნველყოფას, რომ ყველა საჭირო მოთხოვნა დაკმაყოფილებულიყო და საბოლოოდ, როცა პოლონელი ექიმები ჩამოვიდნენ საქართველოში, ძალიან სწრაფად მიეცათ საშუალება, მოენახულებინათ ყოფილი პრეზიდენტი. ასე რომ, იმედი მაქვს, მათი ვიზიტი დაეხმარება იმის უზრუნველყოფას, რომ სააკაშვილს სათანადოდ მკურნალობენ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სრულად იყოს დაცული სააკაშვილის უფლებები, როგორც განსასჯელის, სასამართლოში და როგორც პაციენტის“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.
მისი თქმით, ევროპარლამენტში არის მნიშვნელოვანი ჯგუფი, რომელიც ძალიან შეშფოთებულია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით და ამ ევროპარლამენტარებს შეუძლიათ, თავისუფლად გამოხატონ შეხედულება.
„ამ ევროპარლამენტარებს შეუძლიათ, გამოთქვან თავიანთი შეხედულება თავისუფლად, ჩარევის გარეშე“, – განაცხადა ელჩმა.