პარლამენტის წევრის, „ქართული ოცნების“ დეპუტატის გრეტა წიწავას განცხადებით, პენიტენციურ სამსახურს პოლონელი ექიმის თაღლითობა რომ არ გამოევლინა, დაიდებოდა რომელიმე კლინიკის ან ექსპერტიზის დასკვნა, რომ „სააკაშვილი მოწამლულია“.
როგორც წიწავა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს, მიხეილ სააკაშვილი და თავისი მომხრეები საქართველოს იმიჯის შელახვას ცდილობენ, თუმცა „ხელისუფლება მოწოდების სიმაღლეზეა“.
„ერთი წუთით წარმოიდგინეთ ის ვიდეომასალა რომ არ არსებობდეს, რაც იუსტიციამ გაავრცელა და პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებს არ გამოევლინათ პოლონელი ექიმის თაღლითობა - ძალიან მალე ჩვენ გვექნებოდა რომელიმე წამყვანი კლინიკის/ ექსპერტიზ(ებ)ის დასკვნა, რომ სააკაშვილი მოწამლულია.
მიხეილ სააკაშვილი და თავისი მომხრეები მცდელობას და მილიონებს არ აკლებენ საქართველოს იმიჯი შელახონ და მოახდინონ ინსტიტუციების დისკრედიტაცია, მაგრამ მერწმუნეთ ხელისუფლება მოწოდების სიმაღლეზეა და არავის გამოუვა შინ და გარეთ მორყევის მცდელობაც კი“, - აცხადებს წიწავა.
შეგახსენებთ, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მესამე პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან პოლონელი ექიმების ვიზიტთან დაკავშირებით განცხადება და კადრები გაავრცელა. განცხადების თანახმად, ვიზიტის განმავლობაში, ერთ-ერთი პოლონელი ექიმისგან ადგილი ჰქონდა „გაუგებარ ინციდენტს“, კერძოდ, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ნიმუში, პოლონელმა ექიმმა გადაახვია ქაღალდში და ცდილობდა მის მალულად გატანას ფეხსაცმლის მეშვეობით. ამასთან, უწყება განმარტავს, რომ ოფიციალური წესით აღებული ნიმუშის გატანის უფლება მათ მისცა სამსახურმა, შესაბამისად, აღნიშნული ქმედება „ექიმის მხრიდან სამედიცინო ეთიკურ და სამართლებრივ ნორმებთან შეუსაბამო საქციელს კიდევ უფრო მეტად მატებს ბუნდოვანებას".