18 ივლისს, ბრიუსელში, ევროპარლამენტში კონფერენცია - „ევროპის უსაფრთხოება - 15 წელი საქართველოში რუსეთის შეჭრიდან“ გაიმართება,
რომელიც ევროპარლამენტის ევროპელი კონსერვატორებისა და რეფორმატორების ფრაქციის მიერაა ორგანიზებული და მასში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ მონაწილეობას მიიღებენ ენმ-ის პოლიტიკური მდივანი გიორგი ბარამიძე და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შტაბის ხელმძღვანელი გიორგი ჩალაძე.
ამის შესახებ ინფორმაციას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, ორგანიზატორების მხრიდან სოლიდარობის ნიშნად, ღონისძიებაზე სიმბოლურად მიწვეულია პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი.
კონფერენციაში მონაწილეობას იღებენ ყოფილი და მოქმედი პოლიტიკური ლიდერები, ცნობილი აკადემიური მოღვაწეები და წამყვანი ექსპერტები. მათ შორის არიან: ვიქტორ იუშჩენკო, ვალდას ადამკუსი, ტომას ჰენდრიკ ილვესი, იაროსლავ კაჩინსკი, ივარს გოდმანსი, ბერნარ-ანრი ლევი, დევიდ კრამერი, ანატოლ ლიაბეძკა და ა.შ.
„ხვალ ბრიუსელში, ევროპარლამენტში, ევროპარლამენტის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფრაქციის - კონსერვატორთა და რეფორმატორთა ჯგუფის ინიციატივით გაიმართება ძალიან მნიშვნელოვანი კონფერენცია, რომელიც ეძღვნება ევროპის მომავალი უსაფრთხოების არქიტექტურის მშენებლობას და რომელიც განიხილავს საქართველოსა და უკრაინის ბრძოლის მაგალითზე რუსეთის ფედერაციის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლის გამოცდილებას. რა იყო 2008 წელს, რა მოვლენები განვითარდა იმ პერიოდში, როგორ გაუძლო საქართველომ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით, რა ნაბიჯები გადაიდგა იმისათვის, რომ დაცული ყოფილიყო საქართველოს სუვერენიტეტი და რუსეთს ბოლომდე ვერ ჩაეყლაპა ჩვენი ქვეყანა, როგორ იმოქმედა მაშინ დასავლეთმა, რა დასკვნები იქნა გამოტანილი, შემდგომ როგორ განვითარდა მოვლენები, რატომ მივედით იმ მომენტამდე, რომ მოხდა - ყირიმის ოკუპაცია, ანექსია, აღმოსავლეთ უკრაინაში ომის გაჩაღება, რა შეძლო და ვერ შეძლო დასავლეთის სახელმწიფოებმა, რა გაკვეთილი ვერ ისწავლეს მაშინ და რა გამოცდილება დაგროვდა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. ამ კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ პირადად და დაუსწრებლად სხვადასხვა ლიდერები, ევროპის სხვადასხვა პრეზიდენტები, მათ შორის პრეზიდენტ სააკაშვილს ექნება მისი მიმართვა და ასევე ევროპარლამენტარები, ექსპერტები მუშაობენ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე, მუშაობენ ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურის პრობლემებზე. რა თქმა უნდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, დღეს სწორედ საქართველო არის ის სახელმწიფო, პრეზიდენტი სააკაშვილი და მისი გუნდი არის ის მთავრობა, რომელსაც აქვს დაგროვილი უდიდესი გამოცდილება ამ მიმართულებით და სწორედ დღესაც მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რომ ასეთი აქტუალურია პრეზიდენტი სააკაშვილი და საქართველოს გამოცდილება რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში. ძალიან საინტერესო კონფერენცია იქნება, მას დაესწრებიან ევროპარლამენტარები და ძალიან მნიშვნელოვანი დებატები იქნება. ასევე იქნება გამოფენა, სადაც მონაწილეობას მიიღებს ქართველი ხელოვანი და რომელიც მიძღვნილი იქნება რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ“, - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.