პენსიონერების დიდი ნაწილი საპენსიო სესხის მძევალია და ვერასდროს დააღწევს თავს მის გადახდას, თუ სახელმწიფო კონკრეტულ ნაბიჯებს არ გადადგამს, - ამის შესახებ საპარლამენტო ჯგუფ ,,მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ქეთევან თურაზაშვილმა განაცხადა.
როგორც პარტიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, დეპუტატი ინიციატივით გამოდის შეიქმნას სამუშაო ჯგუფი და დაიწყოს მსჯელობა იმ პენსიონერების ვალების განულებაზე, რომლებსაც აღებული სესხის ოდენობის თანხა ორჯერ და მეტჯერ უკვე გადახდილი აქვთ, ასეთი კი ასობით ადამიანია.
მათივე ცნობით, დეპუტატი „ლიბერთი ბანკისა“ და ეროვნული ბანკისგან ინფორმაციას ითხოვს თუ რატომ ეზღუდებათ პენსიონერების მინდობილ პირებს სს „ლიბერთი ბანკში“ გაფორმებული ოვერდრაფტის ხელშეკრულების სამომხმარებლო სესხად გადაკეთება, ან სესხის პროცენტის ცვლილების შესახებ ბანკში განაცხადის შეტანა. შესაბამისი ოფიციალური წერილებით ,,მოქალაქეების“ საპარლამენტო ჯგუფის წევრმა ეროვნულ ბანკსა და „ლიბერთი ბანკს“ უკვე მიმართა.
„უკანასკნელ პერიოდში არაერთი პენსიონერი მოგვმართავს, რომლებსაც ემიგრანტობის თუ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, პირადად არ აქვთ შესაძლებლობა მიმართონ სს „ლიბერთი ბანკის“ ფილიალებს საბანკო სერვისების თუ სხვა ტიპის მომსახურების მისაღებად. შესაბამისად, აღნიშნული პენსიონერები ნდობით აღჭურვილ პირებს გადასცემენ ნოტარიულად დამოწმებულ მინდობილობებს. პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ მინდობილ პირებს მასობრივად არ ეძლევათ შესაძლებლობა სს „ლიბერთი ბანკში“ განახორციელონ იმგვარი ქმედებები, როგორიცაა, მაგალითად, მაღალპროცენტიანი ოვერდრაფტის ხელშეკრულების სამომხმარებლო სესხად გადაკეთება, ან სესხის პროცენტის ცვლილების შესახებ ბანკში განაცხადის შეტანა. უფრო მეტიც, როდესაც პენსიონერს მინდობილობის საშუალებით უნდა სესხის დაფარვა, ამის შესაძლებლობასაც არ აძლევს „ლიბერთი ბანკი“ და უარს ეუბნება მინდობილ პირს. გაურკვეველია, რის საფუძველზე ამბობს უარს სს „ლიბერთი ბანკი“, პენსიონერების რწმუნებულ პირებს შეუზღუდოს შესაძლებლობა განახორციელონ იმგვარი ქმედება ბანკში, რომელიც ერთმნიშვნელოვნად გააუმჯობესებს პენსიონერის უფლებრივ და ეკონომიურ მდგომარეობას“, - აცხადებს ქეთევან თურაზაშვილი.
მისივე თქმით, პენსიონერების ძველი სესხების დიდი ნაწილი არის ოვერდრაფტი, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ მიერ ყოველთვიურად გადახდილი თანხა, ხმარდება მხოლოდ ბანკის მომსახურების საკომისიოს და პენსიონერებს თავდაპირველად არავინ აუხსნა, რომ ასეთ სესხზე ძირი არ იფარება და ვადის გასვლის შემდეგ ისევ იგივე თანხა ექნებოდათ გადასახდელი.
„სწორედ ეს განაპირობებს ,,ვალს სიცოცხლის ბოლომდე“, როგორც ამას თავად პენსიონერები უწოდებენ. დაუსრულებლად თანხის გადახდა პენსიონერების დიდ ნაწილს უწევს, მიუხედავად იმისა, რომ აღებული ვალის ორმაგი და სამმაგი, ზოგს ათმაგი ოდენობის თანხები უკვე გადახდილი აქვთ, სესხის (ოვერდრაფტის) ერთიანად დაფარვას მათი თითქმის სრული უმრავლესობა ვერ ახერხებს, რის გარეშეც ბანკი ვალს დასრულებულად არ მიიჩნევს. ბევრს აქვს სურვილი შეცვალოს სესხის პირობა, თუმცა აქაც ხელოვნურ ბარიერებს აწყდებიან. პენსიონერების ნაწილი, ვინც ჩვენი დახმარებით გაერკვა სესხში და არის ემიგრაციაში, ცდილობს უცხოეთიდან მის გადაკეთებას და ზოგიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო თავად ვერ მიდის ბანკში და პრობლემის შემსუბუქებას მინდობილი პირის მეშვეობით ცდილობს, გაურკვეველი მიზეზების გამო „ლიბერთი ბანკში“ გაფორმებული ოვერდრაფტის ხელშეკრულების სამომხმარებლო სესხად გადაკეთებას, ან სესხის პროცენტის ცვლილების შესახებ ბანკში განაცხადის შეტანას ვერ ახერხებს. არის ძვრები, ვმუშაობთ აქტიურად, ფაქტია გამოსავალი აუცილებლად უნდა მოიძებნოს. ვფიქრობ, რომ ადამიანებმა ვინც სესხად აღებული თანხის ოდენობა თავისი პროცენტებით უკვე გადაიხადა, სესხი უნდა გაუნულდეთ. ეს დამატებითი ხელოვნური ბარიერები უნდა მოიხსნას, მოსაძებნია საერთო გამოსავალი, რათა ყველაზე მოამაგე და დასაფასებელი ჯგუფი, ისედაც მძიმე სოციალური პრობლემების მქონე, სიბერეს მუდმივი ღელვის, ნერვიულობის და ვალების გარეშე ატარებდეს“, - აცხადებს დეპუტატი.