გერმანია, როგორც ევროკავშირის წევრი და ჩვენი მოკავშირეები „დიდი შვიდეულიდან“ და სხვა გაერთიანებებიდან სრულ მხარდაჭერას უცხადებს უკრაინას იმდენხანს, რამდენი ხანიც საჭირო იქნება, - ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა განაცხადა.
„გერმანიის საელჩოში გამართული დღევანდელი ღონისძიება ეხება გერმანიის მთავრობის მხარდაჭერას უკრაინელი ლტოლვილებისა და საქართველოს მიმართ, ეხება აქ მყოფ 25 000 ადამიანს, ლტოლვილს. ვაპირებთ 5 მილიონი ევროს სიმბოლური ჩეკის გადაცემას „არბაითერ სამარიტერ ბუნდისთვის“ (ASB), გერმანული ორგანიზაციისთვის, რომელიც მხარს უჭერს ლტოლვილებს, აძლევს მათ ფულს, აძლევს რჩევას, საცხოვრებელ ადგილს. ეს ეხება არა მხოლოდ უკრაინელ ლტოლვილებსა და საქართველოს, არამედ მინდა განვაცხადო, რომ გერმანია, როგორც ევროკავშირის წევრი და ჩვენი მოკავშირეები „დიდი შვიდეულიდან“ და სხვა გაერთიანებებიდან სრულ მხარდაჭერას უცხადებს უკრაინას იმდენხანს, რამდენი ხანიც საჭირო იქნება”, - აღნიშნა ელჩმა.
მისი თქმით, გერმანია აშშ-ის შემდეგ უკრაინის უდიდესი დონორია ჰუმანიტარული, ფინანსური და სამხედრო დახმარების თვალსაზრისით.
„ჩვენ მხარს დავუჭერთ უკრაინის გამარჯვებას იმდენ ხანს, რამდენი ხანიც საჭირო იქნება“, - აღნიშნა ელჩმა.