ეს იმდენად კომიკურად გამოიყურებოდა, რომ შეიძლება უბრალოდ დავუშვათ, რომ ადამიანს პოლიტიკოსი, მიხეილ სააკაშვილი უყვარს და უნდოდა სახლში წაეღო რაღაც მისი, ვთქვათ თმები და დაეტოვებინა საჩუქრად, - ასე ეხმიანება „გირჩის" დეპუტატი სანდრო რაქვიაშვილი პოლონელი ექიმის მიერ მიხეილ სააკაშვილის ბიოლოგიური მასალის ფეხსაცმლით გადატანის მცდელობას.
რაქვიაშვილი აცხადებს, რომ ვერ დაინახა, რა საფრთხე შეიძლება მოჰყოლოდა ამას და მიიჩნევს, რომ სავარაუდოდ, ამას კომიკური ახსნა ექნება.
„სხვა მე ვერანაირი ახსნა ვერ ვუპოვე ამას. არ მგონია რაიმე დაშავებულიყო, მგონი ზედმეტ ყურადღებას ვუთმობთ ამას. მე მეტი ახსნა არ მომისმენია, თუ რამე ახსნა არსებობს უკეთესი, მოვისმენდი, მაგრამ ჯერჯერობით ეს ყველაფერი ძალიან კომიკურად გამოიყურება და მე მგონი, ამ სიტუაციას რაღაც კომიკური ახსნა ექნება საბოლოოდ“, - აცხადებს რაქვიაშვილი.
რაქვიაშვილი ასევე გამოეხმაურა უკრაინის რადაში ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარის დავით არახამიას განცხადებას, სააკაშვილის მკვლელობის მცდელობასთან დაკავშირებით გამოძიების დაწყების თაობაზე და აღნიშნა, რომ სავარაუდოდ ეს მხოლოდ პოლიტიკური განცხადებები, რადგან პრაქტიკაში შეუძლებელი იქნება უკრაინაში გამოიძიონ, თუ რა ხდება საქართველოში. მისივე თქმით, გაუგებარია ასევე თავად სააკაშვილის სტრატეგია, რადგან თუ „ქართულ ოცნებას" ისეთ სერიოზულ პრობლემას არ შეუქმნის, რომელიც შეიძლება პოლიტიკური ვაჭრობის საგნად იქცეს, ის სავარაუდოდ, ციხიდან ვერ გამოვა.
„წარმოდგენა არ მაქვს ახლა რა სტრატეგია აქვს მიხეილ სააკაშვილს არჩეული, გაუგებარია საერთოდ საით მიდის, პოლიტიკურ ბრძოლაშია ჩართული თუ ჯანმრთელობაზეა ისევ ორიენტირებული. ის, რომ უკრაინაში რაღაცებს აკეთებენ, ეს პოლიტიკური პროცესის ნაწილია, არ მგონია, რომ ვინმე სერიოზულად დაიწყებს იმის გამოძიებას, რაც აქ ხდება. ეს შეუძლებელია თუ აქაურ სამართალდამცავებთან არ გაქვს თანამშრომლობა, რაც ბუნებრივია, არ იქნება იმ სიტუაციიდან გამომდინარე, რაც ხდება. ამიტომ, ეს არის პოლიტიკური ნაბიჯები, რომ ამ თემის აქტუალიზაცია მოხდეს. უკრაინის ხელისუფლებაში რომ არიან ხალხი, ვინც სააკაშვილს გულშემატკივრობს, ეს ისედაც ცნობილია და გაუარესებულ ურთიერთობებში მიხეილ სააკაშვილის ფაქტორია ძალიან მნიშვნელოვანი. ამიტომ ვნახოთ, ეს რაში გარდაიქმნება, მე ჯერ ვერ ვხედავ სააკაშვილის მხრიდან გამართულ სტრატეგიას, მაგრამ შეიძლება დრო გავიდეს და დავინახოთ, სინამდვილეში საით მიდის ეს ისტორია. მე ადრეც მაქვს ნათქვამი და ახლაც მჯერა, რომ ჯანმრთელობის არგუმენტი ვერ იქნება მთავარი ამ სიტუაციაში. თუ სააკაშვილი „ნაციონალური მოძრაობის" მეშვეობით არ შეუქმნის „ქართულ ოცნებას" სერიოზულ პოლიტიკურ პრობლემას, რაც შეიძლება მერე პოლიტიკური ვაჭრობის ფუნდამენტი იყოს, მგონი ის ციხიდან ვერ გამოვა. უბრალოდ იმაზე აპელირება, რომ ცუდად გრძნობს თავს, მგონი არ იქნება წარმატებული სტრატეგია,"- განაცხადა რაქვიაშვილმა.