ეყოთ ვაჟკაცობა და თქვან: ჩვენ სააკაშვილს ვეახლეთ, მისი ფეხის მტვერი ვართ და ამიტომ როგორმე სიაში ჩაგვწერე - ალბათ, სიაში 38-ე ან 62-ე ადგილს მიუგდებენ და ჩაწერენ, - ეს განცხადება „ქართული ოცნების“ დეპუტატმა გიორგი ცაგარეიშვილმა „ნაციონალური მოძრაობისა" და „სტრატეგია აღმაშენებლის“ არჩევნებში შესაძლო გაერთიანების შესახებ დასმული კითხვის პასუხად გააკეთა.
მისივე თქმით, "სავარაუდოდ, კეზერაშვილის გავლით იგივეს "ჩალიჩობს" ხაზინის ქურდი უგულავა და რუსული ბალეტის მოყვარული ელენე ხოშტარია, რომელიც სადმე კარგ პუანტებსაც შეიძენს და შემდეგ ჩაიკოვსკის ცნობილი ნაწარმოებიდან სოლოს შეასრულებს".
"არჩევნები ახლოვდება, ბევრ ადამიანს უნდა სადღაც თავი დაიმკვიდროს, მიმდინარეობს უშნო ფუს-ფუსი "ნაციონალურ მოძრაობაში" - რაღაც კოალიცია, გაერთიანება იქმნებაო, რაც სიცრუეა, რადგან ვერავითარი საარჩევნო კოალიცია ვერ შეიქმნება, რადგან ეს საარჩევნო კანონით აკრძალულია. თუკი ვინმე სადმე ეწერება, ეწერება სიაში იქ, სადაც მივა", - განაცხადა ცაგარეიშვილმა.