ჯობდა, ფული ჩვენთვის გადაეხადათ, ვიდრე ლობისტურ კომპანიებში, - ამის შესახებ პარტია „გირჩის” ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, რითაც აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე გიული ალასანიასა და მიხეილ სააკაშვილის მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიის აქტივობების შესახებ გამოქვეყნებულ ახალ ინფორმაციას გამოეხმაურა.
იაგო ხვიჩიას თქმით, ის რომ მიხეილ სააკაშვილის პიარკამპანიის მენეჯერი ყოფილიყო, საზღვარგარეთ ლობისტების დაქირავების ნაცვლად ქართველ ხალხზე იმუშავებდა.
„იმ ღონისძიებებმა, რომელიც გატარდა, ჯერჯერობით ვერ უზრუნველყო მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება. დოკუმენტები, რომელიც მომზადდა ხელშეკრულების ფარგლებში, გათავისუფლებას რომ მალე უზრუნველყოფდეს, მიზეზ-შედეგობრივ კავშირს ვერ ვხედავ. ჯობდა, რომ ფული ჩვენთვის გადაეხადათ, ვიდრე ლობისტურ კომპანიებში. ჩემი რომ ყოფილიყო ეს ფული, მე ვეტყოდი, რომ ზოგადად, არ ღირს მუშაობა იმაზე, რომ ევროკავშირში იყოს დადებითი განწყობა შენს პატიმრობასთან დაკავშირებით, ქართველ ხალხში რომ იყოს, ეს სჯობია.
ვიმუშავებდით იმაზე, რომ ქართველ ხალხს მოეთხოვა მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანა. ან შესცოდებოდათ, ან ეპატიებინათ, ან ჩაეთვალათ, რომ საკმარისად დაისაჯა უკვე - აქედან ერთ-ერთ სტრატეგიას ავირჩევდი, ან ორს, რომელიც ერთმანეთთან თავსებადია და ვიმუშავებდი ქართველ ხალხზე, მე რომ მისი პიარკამპანიის მენეჯერი ვყოფილიყავი. ამას არ სჭირდებოდა "მესიჯბოქსი'', რომელიც მიხეილ სააკაშვილს ჰქონდა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. მან თითქოს სცადა ადამიანებისთვის თავის შეცოდება - „ავად ვარ“ თემატიკით, მაგრამ არ იყო მაინც ბოლომდე დამაჯერებელი კრიტიკული ხალხისთვის. 500 000 ადამიანი, რომელიც მას ხმას აძლევს, მართლა რომ იყოს მონდომებული, რომ ციხიდან გამოიყვანონ, მაშინ ციხეში არ იჯდებოდა, მაგრამ ფაქტია, რომ ხალხი ამას არ ინდომებს. მთელი კამპანია უნდა ყოფილიყო არა უცხოელ ლობისტებში ფულის ხარჯვა, არამედ ის, რომ ქართველ ხალხს მოანდომო, მიხეილ სააკაშვილი გამოიყვანოს ციხიდან, არასწორად ხარჯავს ეს ხალხი ფულს“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.