ღალატია, როდესაც შენ იხდი ფულს და ეკვრები ადამიანებს იმისთვის, რომ შენი ქვეყანა დაასანქცირონ და შენს ქვეყანას დაესხნენ თავს - თუკი რამე შეიძლება იყოს მდაბიო საქციელი, სწორედ ეს არის , - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა Fara-ს ახალ დოკუმენტზე და „ნაციონალურ მოძრაობაზე“ საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ყველა „მდაბიო ქმედებას შეგუებულები არიან“.
„ბევრ სხვა საკითხს კიდევ შეგუებულები ვართ. სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით გავრცელებულ დეზინფორმაციას და ა.შ. ყველა, ასე ვთქვათ, მდაბიო ქმედებას „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან, შეგუებულები ვართ, მაგრამ ერთ-ერთი მთავარი კიდევ რაც გამოჩნდა უკვე დოკუმენტურად დადასტურებული არის ის, თუ როგორ იბრძვიან „ნაციონალური მოძრაობა“ და მათი მფარველები საქართველოს წინააღმდეგ, საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ და სანქცირებას ითხოვენ ქვეყნისას, საქართველოს მოქალაქეებისას, იმ მოქალაქეებისას, რომლებიც ჩვენ ქვეყანაში ცხოვრობენ. ყველა თქვენს დასანქცირებას ითხოვს და მიხეილ სააკაშვილს უნდა გადააყოლონ მთელი ქვეყანა. თუკი რამე შეიძლება იყოს მდაბიო საქციელი, სწორედ ეს არის მდაბიო საქციელი. ამას პატიოსან საზოგადოებაში ეძახიან ღალატს. ასე რომ, რა თქმა უნდა, ღალატია, როდესაც შენ იხდი ფულს და ეკვრები ადამიანებს იმისთვის, რომ შენი ქვეყანა დაასანქცირონ და შენს ქვეყანას დაესხნენ თავს. ეს არის ღალატის მთელი ანატომია, რომელიც ჩვენ ამ ანგარიშში ამოვიკითხეთ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.