შალვა პაპუაშვილი - პოლონეთის მთავრობას ახლა აქვს მტკიცების ტვირთი, რომ ეჭვი გაფანტოს და არა პრეტენზიები წამოაყენოს, კამერა რატომ იყო თურმე პალატასთან

პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, პოლონეთის მთავრობის მიერ წარმოგზავნილი ჯგუფის მხრიდან ჩადენილმა საქციელმა წარმოშვა გონივრული ეჭვი, რომ შესაძლოა, ჩაფიქრებული იყო ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ანალიზის გაყალბება.

როგორც პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ახლა პოლონეთის მთავრობას აქვს მტკიცების ტვირთი, რომ ეს ეჭვი გაფანტოს და არა პრეტენზიები წამოაყენოს.

პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, ასეთი ფაქტები ნდობას არყევს, მითუმეტეს, როდესაც გონივრული განმარტება არ კეთდება.

„საბოლოოდ, აღმოჩნდა, რომ პოლონელი ექიმების ჩამოსვლა ლობირებული იყო. ვნახეთ, რა ქსელები და ძალები იყო ამაში ჩართული. ხელისუფლებამ ანგარიში გაუწია, მათ შორის პოლონეთის ხელისუფლებას და მისცა შესაძლებლობა პოლონელ ექიმებს, რომ მიხეილ სააკაშვილთან შესულიყვნენ. სამწუხაროდ, ეს კეთილგანწყობა ერთ-ერთმა ექიმმა ბოროტად გამოიყენა. ის ცდილობდა მალულად, კონტრაბანდულად გაეტანა ნიმუში, რომელიც მან აიღო. მთავარი არის ის, რომ მას ეს ნიმუშები უკვე ჰქონდა აღებული. ექიმების ჯგუფი იყო შესული მიხეილ სააკაშვილთან, რაც საჭირო იყო, ყველა კვლევა ჩაუტარეს, აიღეს ანალიზები, თმის ღერი იყო თუ ასე შემდეგ, სხვებთან ერთად დალუქეს და გამოვიდნენ. ამის შემდეგ, ერთ-ერთი ექიმი შებრუნდა და მალულად აიღო იგივე ანალიზი. შემდეგ გვეუბნებიან, რომ თურმე ადამიანს ჩვევა აქვს და ფეხსაცმელში ინახავს რაღაცებს. აქედან გამომდინარე, საგარეო საქმეთა სამინისტრომ განმარტება სთხოვა საელჩოს. ელჩის მოადგილემ, რომელიც მისული იყო, თქვა, რომ ინფორმაცია არ ჰქონდა. ამიტომ ეთხოვა მას, რომ მთავრობასთან გაევლო კონსულტაცია და ამას ახსნა ექნებოდა. გუშინ ჩვენ ვნახეთ პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება, რომელმაც არანაირი ახსნა არ მოგვცა. შესაბამისად, ახლა არის ასეთი სიტუაცია. ფაქტია, თავად პოლონეთის მთავრობის მიერ წარმოგზავნილი ჯგუფის მხრიდან ჩადენილმა საქციელმა წარმოშვა გონივრული ეჭვი, რომ შესაძლოა, ჩაფიქრებული იყო ანალიზის გაყალბება სწორედ იმ სცენარიდან გამომდინარე, რომელიც ჩვენ აქამდე ვიხილეთ. შესაბამისად, პოლონეთის მთავრობას ახლა აქვს მტკიცების ტვირთი, რომ ეს ეჭვი გაფანტოს და არა პრეტენზიები წამოაყენოს, კამერა რატომ იყო თურმე პალატასთან და ა.შ. მათ ეჭვი უნდა გაფანტონ. სამწუხაროდ, გუშინდელ განცხადებაში ვნახეთ, რომ ამ ეჭვის გაფანტვას პოლონეთის ხელისუფლება არც კი შეეცადა. მათ ეს ვალი კვლავ რჩებათ, რომ განმარტონ, რა იყო ამ საქციელის მოტივი. ვფიქრობთ, მნიშვნელოვანია ეს მოტივი ვიცოდეთ, ვინაიდან ამ შემთხვევაში ჩვენი ხელისუფლების კეთილგანწყობა ბოროტად იქნა გამოყენებული. ეს ნდობას არყევს, როდესაც ასეთი ქმედებები ხდება და არ მოსდევს რაიმე გონივრული განმარტება“,-განაცხადა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ცნობით, პოლონელი ექიმი საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისაგან აღებული ნიმუშების გატანას მალულად, ფეხსაცმლის საშუალებით ცდილობდა. უწყებამ შესაბამისი ვიდეოკადრებიც გაავრცელა.

ამასთან, პოლონეთის საგარეო უწყებამ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ მიხეილ სააკაშვილის შესახებ პოლონელი ექიმების ინციდენტი განიმარტა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან და პენიტენციური სამსახურის გადაწყვეტილება, რომ მათი ჩხრეკის ჩანაწერი გამოაქვეყნოს, კარგი თანამშრომლობის პრინციპებს ეწინააღმდეგება.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის