მეჩვენება, რომ პოლონელ ექიმებზე ლაპარაკის თემა გარკვეულ სტრატეგიას წარმოადგენს, რომ მეტი უარყოფითი ითქვას ამ თემაზე, რათა პოლონეთს ჰქონდეს, ასევე, შესაბამისი დაძაბული კომენტარები საპასუხოდ, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც "ვივამედში" მომხდარ ინციდენტზე პოლონეთის საელჩოს განცხადებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა.
ვოლსკის თქმით, მათი მხრიდან "განგაშის ზარების შემოკვრა" იმიტომ გახდა საჭირო, რომ არ მოხდეს გაყალბება და ოფიციალური ნიმუშების ჩანაცვლება.
"დარწმუნებული ვარ, ამით ორი ქვეყნის ურთიერთობას ჩრდილი არ მიადგება. რასაკვირველია, კადრები იყო ჭარბად წარმოდგენილი, მაგრამ ჩვენმა კოლეგებმა, მეგობრებმა უნდა გაიგონ, რომ საქართველო, მისი საზოგადოება, არა მთავრობა, იმყოფება ასეთი ინტენსიური, უზნეო შეტევის ქვეშ. იმის დაზღვევა, რომ არ მოხდეს გაყალბება, ოფიციალური ნიმუშები ვერ ჩანაცვლდეს თაღლითურად აღებული ნიმუშებით, ჩვენი მხრიდან მოითხოვდა ამ განგაშის ზარების შემოკვრას. მედიაში ამ ინფორმაციის და კადრების გავრცელებას რაც შეეხება, ბოდიში, ამას ჩვენ ვერ განვაპირობებთ.
რასაკვირველია, როცა კონკრეტული ჯგუფი მაღალი ოფიციალური სტრუქტურიდან არის მოვლენილი და ამას შესაძლოა, ერთი ექიმი კადრულობს, შესაძლოა, რაღაც წინასწარი მოლაპარაკება არსებობდა, ეს საფრთხეს ქმნის ქვეყნისთვის, რომ ფალსიფიკაცია მოხდეს, მაგრამ უნდა ვითანამშრომლოთ ნებისმიერ ჯგუფთან, საერთაშორისო იქნება თუ კონკრეტული ქვეყნის. მეჩვენება, რომ პოლონელ ექიმებზე ლაპარაკის თემა გარკვეულ სტრატეგიას წარმოადგენს, რომ მეტი უარყოფითი ითქვას ამ თემაზე, რათა პოლონეთს ჰქონდეს, ასევე, შესაბამისი დაძაბული კომენტარები საპასუხოდ იმ განცხადებებისა, რაც თქვენს შეკითხვებზე კეთდება, ამიტომ მე აღარ მიმაჩნია საჭიროდ ამ თემაზე გავაკეთო კომენტარი, განსაკუთრებით დღეს.
რაც შეეხება საერთაშორისო თუ კონკრეტული ქვეყნის მედიკოსების ჩამოსვლას საქართველოში, კონკრეტული წესების დაცვით, როგორც ეს ნორმალურ, წესიერ ქვეყნებში ხდება, ეს თემა დღის წესრიგში დგას, აქტუალურია და ამ თემაზე არანაირი ცვლილებები არ არის," - განაცხადა ვოლსკიმ.