ევროინტეგრაციის სისტემაში საქართველოს დაახლოება რუსეთისთვის ხელსაყრელი არ არის - ამ გადაწყვეტილებას ვინც ხელს უწყობს, ეს არის არახამია და ძმანი მაგათნი, რომლის დიდი ნაწილი ევროპარლამენტშია გაერთიანებული , - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც დავით არახამიას განცხადებას გამოეხმაურა.
მისივე თქმით, ისინი ყოველდღიურად მუშაობენ, რომ "იმ წისქვილზე დაასხან წყალი, რომელსაც რუსეთი ატრიალებს."
"რასაკვირველია, ზუსტად ვიცით, რომ არანაირი სტატუსი, არანაირი დაახლოება ევროინტეგრაციის სისტემაში საქართველოსი, რუსეთისთვის ხელსაყრელი არ არის. ეს არის მისი ბოროტი, თუმცა, პრაგმატული გადაწყვეტილება. ამ გადაწყვეტილებას ვინც ხელს უწყობს, ეს არის არახამია და ძმანი მაგათნი, რომლის დიდი ნაწილი სამწუხაროდ, გაერთიანებულია ევროპარლამენტში. ესენი არიან ადამიანები, ვინც ყოველდღიურად მუშაობენ, თუ როგორ დაასხან წყალი წისქვილზე, რომელსაც რუსეთი ატრიალებს თავის ინტერესებიდან გამომდინარე. რა თქმა უნდა, სხვადასხვა მიზანი და შეხედულებები აქვთ, თუმცა, არც იმას გამორიცხავ, რომ ეს მიზნებიც ერთმანეთს ემთხვეოდეს, როგორც რუსეთის და ნაცმოძრაობის მიზნები ემთხვევა, რის არაერთი მაგალითი გვაქვს, განსაკუთრებით 2008 წლის ომის წინა პერიოდში", - განაცხადა ვოლსკიმ.
უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარის, დავით არახამიას განაცხადებით, "თუ რამე ხელს უშლის საქართველოს ევროინტეგრაციას, ეს რუსეთი და მისი გავლენის ქვეშ მყოფი „ქართული ოცნების“ მთავრობაა" . ამით ის საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომ „უკრაინა იყო დაინტერესებული, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიეღო".
არახამიას თქმით, ღარიბაშვილმა მორიგ ჯერზე იცრუა, რაც მიზნად უკრაინელებსა და ქართველებს შორის შუღლის ჩამოგდებას ისახავს.