ჩვენ ვამბობთ, რომ საქართველო ყველაზე სწრაფად დააღწევს კრიზისს თავს „ლელოს“ და „ლელოს“ პარტნიორების ლიდერობით. ვინ და როგორ ვიქნებით ეს პარტნიორები ძალიან საინტერესო პროცესები მიდის, - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით უსუფაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ განაცხადა.
მისი თქმით, „ქართული ოცნება“ უახლოეს არჩევნებზე შესაცვლელია, მაგრამ არა წარსულში დაბრუნებით.
„ცნობილი გამოთქმაა - „ყველაფერი ახალი, კარგად დავიწყებული ძველიაო“, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როდესაც ძველიც კარგად დავიწყებული არ ყოფილა, ამიტომ რამე განსაკუთრებულ სიახლეს აქ ვერ ვხედავ. „ლელო“ ამ პროცესებში სრულიად მკაფიო და ცალსახა პოზიციაზეა, რომ „ქართული ოცნება“ რაც შეიძლება სწრაფად, უახლოეს არჩევნებზე შესაცვლელია, მაგრამ არა წარსულში დაბრუნებით. „ლელოს“ გზა არის მკაფიო, ჩვენ არჩევნებზე ვიქნებით იმ პოლიტიკურ ველზე, პლატფორმაზე, რომელიც არის არა სიახლე სიახლისთვის, არამედ ჩვენივე მწარე გაკვეთილების გათვალისწინებით და ეს ჩვენი მწარე გაკვეთილები უკავშირდება არა მხოლოდ უახლოეს მწარეს, არამედ იმის წინა მწარესაც. მე მაქსიმალურად ვერიდები ყოფილი პრეზიდენტის პოლიტიკურ ოპონირებას, მას შემდეგ, რაც ის პატიმრობაშია, მაგრამ ის თავად არ იღლება და კიდევ შეგვახსენა, რომ თურმე ქართული სახელმწიფოს დამფუძნებელია და ახლა „ქართული სახელმწიფოს დამფუძნებლის“ ლიდერობით, რაღაც ახალზე გვესაუბრებიან - აქ ჩვენი მხრიდან ყველაფერი ნათქვამია.
ძალიან საინტერესოდ ვითარდება პროცესები, პოლიტიკურ სივრცეშიც, პოლიტიკასთან ახლო სივრცეშიც და პოლიტიკასთან ახლოს არ მყოფ სივრცეებშიც. „ლელოს“ აქვს ძალიან საინტერესო პოზიციონირება დღეს. ჩვენ არ ვამბობთ, რომ ჩვენ ვართ ერთადერთი და გადასარევი და ჩვენს გარეშე ქვეყანა დაიღუპება - არა, ჩვენ ვამბობთ, რომ საქართველო ყველაზე სწრაფად დააღწევს კრიზისს თავს „ლელოს“ და „ლელოს“ პარტნიორების ლიდერობით. ვინ და როგორ ვიქნებით ეს პარტნიორები, ძალიან საინტერესო პროცესები მიდის“, - განაცხადა უსუფაშვილმა.