რამაზ საყვარელიძე - ორი პარტიის გაერთიანების შედეგი არის „ნაციონალური სტრატეგია აღმაშენებელი“, ამომრჩევლების გაერთიანება იქნება თუ არა, ძნელი სათქმელია - „ლიდერები ერთმანეთს ჩაეხუტნენ და ამომრჩევლებიც ჩაეხუტნენ“, პოლიტიკაში არ ხდება

„სტრატეგია აღმაშენებლისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ გაერთიანება მოულოდნელობა არავისთვის იყო. იგულისხმებოდა, რომ ეს ორი პარტია ისედაც ერთი ხაზის მიმდევრები არიან, ვნახეთ ისიც, რომ თვითონ ოპოზიციურ პარტიებშიც მათ გვერდით დამდგომი ბევრი არავინაა - შედეგი არის „ნაციონალური სტრატეგია აღმაშენებელი“, - ასე შეაფასა პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ „სტრატეგია აღმაშენებლისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ გაერთიანება.

მისი თქმით, ძნელი სათქმელია ეს გაერთიანება მათი ამომრჩევლების გაერთიანებასაც გამოიწვევს თუ არა, რადგან როგორც რამაზ საყვარელიძე „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში განმარტავს, როგორც წესი, ეს პოლიტიკაში ასე არ ხდება. ამასთან, როგორც საყვარელიძემ აღნიშნა, ქართული პარტიები საკუთარი ამომრჩევლის ინტერესებს ნაკლებად ითვალისწინებენ.

„ამომრჩევლების გაერთიანება იქნება თუ არა, ეგ ძნელი სათქმელია. როგორც წესი, ასე ცალსახად ლიდერები ერთმანეთს ჩაეხუტნენ და ამომრჩევლებიც ჩაეხუტნენ- პოლიტიკაში არ ხდება. ვიღაცას მოსწონს ხაბეიშვილი, არ მოსწონს ვაშაძე ან პირიქით. ასე რომ, რა მოხდება კაცმა არ იცის.

რომ გითხრათ, ამომრჩევლებს ითვალისწინებენ და ისე მოქმედებენ ქართული პარტიები, მე მაგ პოზიციაზე არ ვარ, იმიტომ, რომ ძალიან ხშირად დგამენ ნაბიჯს, რომელიც ამომრჩევლის ინტერესს არ ითვალისწინებს. ეს გაერთიანებაც ახლა ამბობს, რომ ჩვენი მიზანია, ივანიშვილი გადავაგდოთო, კითხეს ამომრჩევლებს, უნდათ თუ არა ივანიშვილის გადაგდება და მათი მოყვანა? მე მგონი, არ უკითხავთ - ყველა არჩევნებით და ყველა გამოკვლევით, ივანიშვილის პარტია ამომრჩევლებში უფრო დიდი სიმპათიებით სარგებლობს, ვიდრე ეს ორი პარტია. თუკი პარტიას უნდა ხელისუფლებაში მოსვლა, მას მთელი მოსახლეობის პოზიცია უნდა აინტერესებდეს და არა მარტო თავისი ამომრჩევლის, თორემ თავისი ამომრჩეველი, მინიმუმ საკუთარი ოჯახის წევრები, ყველას ეყოლება, მაშინ გამოჰკითხოს ოჯახი და მიიღებს იმ შედეგს, რაც უნდა.

ეს გაერთიანება მოულოდნელობა არავისთვის იყო. იგულისხმებოდა, რომ ეს ორი პარტია ისედაც ერთი ხაზის მიმდევრები არიან. ვნახეთ ისიც, რომ თვითონ ოპოზიციურ პარტიებშიც მათ გვერდით დამდგომი ბევრი არავინაა და დანარჩენი რისი მომტანი შეიძლება იყოს?!“, - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.

როგორც ცნობილია, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „სტრატეგია აღმაშენებელმა“ პოლიტიკური გაერთიანების შესახებ განცხადება გააკეთეს. როგორც პარტიების ლიდერებმა, ლევან ხაბეიშვილმა და გიორგი ვაშაძემ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, ისინი ბრძოლას საერთო სტრატეგიით გააგრძელებენ.

მათივე თქმით, პროდასავლური პარტიების ფლანგზე ქმნიან "გამარჯვების პლატფორმას" და მისი კარი ღიაა ყველასთვის.

გიორგი კაჭარავა - უკრაინა-რუსეთის ომის დასასრულებლად დაწყებული პროცესი რუსეთის პირობებზე ვერ წარიმართება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება