დოკუმენტებით ირკვევა, რომ თურმე მიღებული რეზოლუციები, საქართველოს და ხელისუფლების წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებები, ფარსი იყო და ამ ყველაფერს ფულის გამო აკეთებდნენ - ცუდია ის, რომ ამაში ჩართულები იყვნენ ჩვენი უცხოელი მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლები, - ამის შესახებ “ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა, რითაც ის აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.
მისივე თქმით, გავრცელებული დოკუმენტებით დადასტურდა ის, რასაც “ქართული ოცნების” წარმომადგენლები ამ ხნის განმავლობაში საუბრობდნენ.
„კიდევ ერთი სამწუხარო რეალობა, პრაქტიკულად, დადასტურდა ყველაფერი ის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით ამდენი ხნის განმავლობაში. მთელი ამ ხნის განმავლობაში აღნიშნული კამპანია, რომელიც ძალიან დიდ ტყუილს და სიბინძურეს შეიცავდა და მთლიანად ფარსი იყო, საქართველოს, ხელისუფლებისა და ქართველი ხალხის წინააღმდეგ მიმართული იყო. ასევე, ზოგადად, ქვეყნის გაშავებისკენ მიმართული იყო. კიდევ ერთხელ დადასტურდა და გამოიკვეთა ის სიბინძურე, რაც აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ხდებოდა. ეს ყველაფერი შენიღბულია ვითომ ლობიზმით, რაც ძალიან სამწუხაროა. აღნიშნული დოკუმენტებით ირკვევა, რომ თურმე მიღებული რეზოლუციები, საქართველოს და ხელისუფლების წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებები, ეს ყველაფერი ფარსი იყო და ამ ყველაფერს ფულის გამო აკეთებდნენ. ამას სამწუხარო პოლიტიკა ჰქვია, რაც ძალიან გულდასაწყვეტია. ცუდია ის, რომ ეს ყველაფერი ხდებოდა და ამაში ჩართულები იყვნენ ჩვენი უცხოელი მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლები”, - განაცხადა კალაძემ.
ამასთან, კალაძე ეჭვობს, რომ პოლონელი ექიმის მიერ მიხეილ სააკაშვილის ბიოლოგიური ნიმუშის კლინიკა „ვივამედიდან” გამოტანა, მონაცემების გაყალბებას და ახალი კამპანიის დაწყებას ემსახურებოდა.
როგორც მან აღნიშნა, იმედი ჰქონდა, რომ პოლონელი ექიმები თავისი ქმედების გამო ბოდიშს მოიხდიდნენ.
„რა თქმა უნდა, კარგი თანამშრომლობის პრინციპს ეწინააღმდეგება ის ქმედებები, რაც კონკრეტულმა ექიმებმა განახორციელეს და მე არ ვარ იმაში დარწმუნებული და არ მჯერა, რომ ეს რაღაც მათი თვითშემოქმედება იყო. ეს არის ერთი დიდი ხაზი, მთლიანად დაწყებული სააკაშვილის საქართველოში შემოგორებით, ის კამპანია, მთლიანად ერთი დიდი ხაზისგან შედგება, ეს ყველაფერი, რაც იკვეთება ამერიკულ-რუსულ კანონში, ვგულისხმობ FARA-ს, სადაც დეტალურადაა გაწერილი, თუ რა ქმედებებს ეწეოდნენ, რა ე.წ. ლობიზმი მიმდინარეობდა, სინამდვილეში ეს ყველაფერი კორუფციაა, უბრალოდ ლობიზმად აქვთ შენიღბული.
თეთრზე როდესაც შავს იძახიან და სიცრუეს ავრცელებენ, ამაზე დიდი უბედურება რა უნდა იყოს და ამას პოლიტიკას არქმევენ. შესაბამისად, იმ ექიმების ქმედებებიც სამარცხვინოა. ვფიქრობდი, რომ გამოვიდოდნენ და ბოდიშს მოიხდიდნენ იმიტომ, რომ თვითონაც იყვნენ ჩართულები. ეჭვი, რაც გვაქვს, კიდევ უფრო ღრმავდება, რომ ეს ყველაფერი გაკეთებული იყო იმისთვის, რომ აღნიშნული მონაცემები გაეყალბებინათ და ამასთან დაკავშირებით ახალი კამპანია დაეწყოთ”, - განაცხადა კალაძემ.
ცნობისთვის, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებ-გვერდზე გიული ალასანიასა და მიხეილ სააკაშვილის მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიის აქტივობების შესახებ ახალი ინფორმაცია გამოქვეყნდა. გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით ცნობილი ხდება ის აქტივობები, რომელიც ლობისტურმა კომპანიამ განახორციელა, მათ შორის არის რეზოლუციების დაწერა და ევროპარლამენტისთვის მიწოდება, სააკაშვილის შესახებ სტატიების მომზადება, კომუნიკაცია ევროპარლამენტარებთან და ა.შ.