გია ცაგარეიშვილი - გაუგონარი მოვლენაა კრიმინალის გათავისუფლებისთვის იღვწოდეს ლობისტი, ამყარებდეს კონტაქტებს აშშ-ში გარკვეული გავლენის პოლიტიკოსებთან და ისინი გამოიყენოს კრიმინალის გასათავისუფლებლად

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე გია ცაგარეიშვილი აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ახალ ინფორმაციას გამოეხმაურა, სადაც ერთ-ერთი ჩანაწერი იყო, რომ უნდა მომხდარიყო შეხვედრა სალომე ზურაბიშვილთან მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შესახებ, რაზეც პრეზიდენტმა უარი განაცხადა.

კითხვაზე, არის თუ არა შესაძლებელი ზეწოლა მიმდინარეობდეს სალომე ზურაბიშვილზე როგორც მიხეილ სააკაშვილის, ასევე ნიკა გვარამიას შეწყალების თაობაზე, ცაგარეიშვილი არ გამორიცხავს, რომ ნიკა გვარამიას შეწყალებაზეც ყოფილიყო ზეწოლა პრეზიდენტზე.

მისივე თქმით, რაც უფრო მოახლოვდება არჩევნების თარიღი მით უფრო გაგრძელდება ზეწოლა სალომე ზურაბიშვილზე.

„სადაც შეიძლება სააკაშვილზე განხორციელდეს ზეწოლა პრეზიდენტზე, იქ გვარამიაზეც განხორციელდებოდა. ნამდვილად არ გამოვრიცხავ ამას. თვითონ პრეზიდენტის ადმინისტრაციამ აღიარა, რომ ბატონ დი ანჯელოსთან, ლობისტის მხრიდან იყო გარკვეული ძალისხმევა გაწეული, რომ ეს შეხვედრა შემდგარიყო ნიუ იორკში, ეს შეხვედრა ვერ შედგა, პრეზიდენტმა უარი განაცხადა ამ შეხვედრაზე, რაც კარგია და რაც დადებითია მათ შორის, პრეზიდენტის ნამოქმედარშიც და ნააზრევშიც ჩვენ იმაზეც უნდა ვთქვათ, რომ დიახ, ეს კარგია და რასაც ცუდს აკეთებს საქართველოს პრეზიდენტი, იმაზეც უნდა იყოს შესაბამისი შეფასება. ჩვენ ამას არ ვერიდებით და, რა თქმა უნდა, ღმერთმა დაგვიფაროს იმისგან, რომ „ქართულმა ოცნებამ“ სალომე ზურაბიშვილისგან მტრის ხატი შექმნას. ეს არ არის ჩვენი ამოცანა. ჩვენ უბრალოდ ვაკრიტიკებთ პრეზიდენტის იმგვარ ნაბიჯებს, რომელიც ხელს არ უწყობს დეპოლარიზაციის დაძლევას, არადა მისი, როგორც ამ ქვეყნის კონსტიტუციის გარანტისა, მთავარი ფუნქცია სწორედ ეს არის. ეს არის გასაკვირი უბრალოდ, როგორ შეიძლება ვინმეს ნებას დაყვეს ამ ქვეყნის პრეზიდენტი და კრიმინალი გაათავისუფლოს ციხიდან. ამიტომ, მე ვფიქრობ ეს ზეწოლა ლობისტების მხრიდან და არა მხოლოდ, მომავალშიც გაგრძელდება, ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული, რაც უფრო მოახლოვდება არჩევნების თარიღი მით უფრო გაგრძელდება ზეწოლა ზურაბიშვილზე და ჩვენ ყოველთვის ძალიან მკაცრად შევაფასებთ ამგვარი ზეწოლის ფაქტებს და ვფიქრობ, რომ გაუგონარი მოვლენაა ზოგადად კრიმინალის გათავისუფლებისთვის იღვწოდეს, მათ შორის, ლობისტი და ამას არ მალავდეს, არ ფარავდეს, ამყარებდეს კონტაქტებს აშშ-იც, ევროპაშიც გარკვეული დონის და გავლენის პოლიტიკოსებთან და გამოიყენოს ეს პოლიტიკოსები ამ კრიმინალის გასათავისუფლებლად. გაუგონარ ფაქტებზე იყო საუბარი, იქამდეც მივიდა საქმე, რომ თურმე ლობისტი უწერს ევროპარლამენტს რეზოლუციის ტექსტს და შემდეგ ამ რეზოლუციის ტექსტს იღებენ ასევე დამუშავებული ევროპარლამენტარები, რომლებიც ლობისტთან ერთად გაათრევენ ხოლმე სხდომებზე ამგვარი რეზოლუციის ტექსტებს“, - განაცხადა ცაგარეიშვილმა.

ამასთან, გია ცაგარეიშვილი გამოეხმაურა აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ დოკუმენტზე საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის კომენტარს და აღნიშნა, რომ მას ეჭვი ეპარება ელჩის სიტყვებში და დაუჯერებელია არ იცოდეს ის, რაც ეწერა FARA-ს მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტებში.

„თუ ნებას დამრთავენ, მე ამ სიტყვებში ეჭვს შევიტან. იმდენად ამაზრზენი და საშინელი იყო ის, რაც გამოქვეყნდა და ბედის ირონია რაში მდგომარეობს იცით?- ისევ ჩვენმა ამერიკელმა მეგობრებმა და კოლეგებმა გამოაქვეყნეს ეს ყველაფერი. მე ძალიან ეჭვი მეპარება ამ ქვეყანაში, აშშ-ს ელჩს არ ჰქონდეს ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია. რამდენადაც ვიცნობ ამ ქვეყნის მოქმედების სტილს, მანერას, იმ პოლიტიკას, რომელსაც ის რეგიონში და საქართველოში ახორციელებს, უბრალოდ წარმოუდგენელი და დაუჯერებელია ელჩმა არ იცოდეს ის, რაც ეწერა FARA-ს მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტებში. ამას ვერავინ დაიჯერებს საქართველოში”,- აღნიშნა გია ცაგარეიშვილმა, რომლის კომენტარსაც „ქართული ოცნება“ ავრცელებს.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
ქუთაისის მაკდონალდსი ახალ ეპოქაში - რემოდელინგი, რომელიც სტანდარტებს ცვლის
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა