გიორგი ვაშაძე - ჩვენი სისტემური, კომპლექსური მუშაობის შედეგად „გამარჯვების პლატფორმას“ შეუძლია პირველი ადგილი მოიპოვოს არჩევნებში - რაც შეეხება გაერთიანების ლიდერს, ვინც საუკეთესო ფორმაში იქნება, ის იქნება სავარაუდოდ, პრემიერობის კანდიდატიც

მარტივი არ იქნება, ეს რთული გზაა, მაგრამ ჩვენი სისტემური, კომპლექსური მუშაობის შედეგად ჩვენს „გამარჯვების პლატფორმას“ შეუძლია პირველი ადგილი მოიპოვოს შემდგომ არჩევნებში - რაც თავისთავად, ავტომატურად ნიშნავს ხელისუფლებიდან „ქართული ოცნების“, ამ ბნელი „რუსული ძალის“ გაშვებას, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტ-ქალაქი“ განაცხადა.

მისივე თქმით, დღეს მთავარი საკითხია, საქართველო ევროკავშირის წევრი ქვეყანა იქნება, თუ რუსეთის გუბერნია.

„დღეს ვფიქრობ, რომ მიხეილ სააკაშვილი არის ერთ-ერთი სიმბოლო დასავლური ცივილიზაციის ბრძოლის რუსულ რეჟიმებთან, ის ნამდვილად პუტინის პირადი პატიმარია. დარწმუნებული ვარ, რომ ბიძინა ივანიშვილის ხელშიც კი არ არის მისი გათავისუფლება. ბიძინა ივანიშვილმა ეს უნდა შეათანხმოს რუსეთთან, რომ ის ციხიდან გამოუშვას, ანუ ეს თავისუფლებაც კი არ აქვს ბიძინა ივანიშვილს, დანარჩენი კობახიძე, ღარიბაშვილი არავინ არიან, ეს ყველამ კარგად ვიცით. მიშასგან საძულველი ხატის გაკეთება, რასაც აქამდე „ქართული ოცნება“ ცდილობდა, ეს უკვე ნაკლებად გამოვა. ჩემს კოლეგა ოპოზიციონერ კოლეგებს მოვუწოდებ, რომ მოდით კარგად დავფიქრდეთ, რომ ის პარადიგმები, რაზეც ჩვენ მიჩვეულები ვართ საუბარს 2022 წლამდე აღარ არსებობს, ახლა სხვა განზომილებაში ვართ და მე და ჩემი გუნდი ამას ვიაზრებთ. რაც არ უნდა ეცადოს ახლა მიშასგან ან „ნაციონალური მოძრაობისგან“ საფრთხობელის გაკეთებას, გვახსოვს ჩვენ ბილბორდებს, რომელსაც „ქართული ოცნება“ აკრავდა, ეს აღარ არის ამ ქვეყნის საკითხი. ახლა არის საკითხი, რუსული ჭაობი იქნება აქ, თუ საქართველო ევროკავშირის წევრი ქვეყანა იქნება. აი, ეს არის რეალობა და ახალი პარადიგმა, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ“, - განაცხადა ვაშაძემ.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, ოპოზიციურ პარტიებს გაერთიანებისკენ და კონსოლიდაციისკენ მოუწოდებს.

„გამარჯვების პლატფორმის“ ფორმირება არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ სხვა ოპოზიციონერ პარტიებს გინდა თუ არა ვეუბნებით, რომ თქვენ აქ უნდა შემოხვიდეთ. არა, პირიქით ვამბობთ, რომ იქეთ თუ კიდევ მოხდება კონსოლიდაციები, ეს იქნება პრაგმატული და სწორი გადაწყვეტილება. ამ ეტაპისთვის ჩამოვყალიბდით, რომ ორი პარტიის ბაზაზე კეთდება ეს, „ნაციონალური მოძრაობის“, როგორც მძლავრი სტრუქტურის მქონე და „სტრატეგია აღმაშენებელი“ მძლავრი ინტელექტუალური რესურსის მქონე, ასე ვთქვათ ერთმანეთს კარგად ვავსებთ. ჩვენი ამოცანა ახლა არ არის სხვა პარტიების აქ შემოყვანა, ჩვენი ამოცანა არის იმ ინდივიდუალური პირების გააქტიურება პოლიტიკაში და მათთვის გზის გახსნა, რომელსაც შეუძლია ძალიან მნიშვნელოვანი წვრილი შეიტანოს ამ ცვლილებების პროცესში“, - აღნიშნა ვაშაძემ.

ასევე, გიორგი ვაშაძე პარტია „დროასთან“ და პარტია „გირჩი-მეტი თავისუფლებასთან“ პოლიტიკური თანამშრომლობის შეწყვეტას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „ბევრი კვლევა ჩავატარეთ, „სტრატეგია აღმაშენებელი“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ელექტორატი ძალიან სინერგიაშია ერთმანეთთან, რასაც „გირჩის“ ელექტორატზე ასე ვერ ვიტყვი, თუნდაც „დროას“ ელექტორატზე, რომელშიც შეიძლებოდა რაღაცა რღვევები მომხდარიყო „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად დაჯგუფების შემთხვევაში.

ასე მივიღეთ გადაწყვეტილება, ყველა ხომ თავის მხარდამჭერებს უსმენს, ვინ სად ხედავს საკუთარ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც მხარს უჭერს, მათი მხარდამჭერები უფრო სხვაგან ხედავენ, ჩვენი მხარდამჭერები უფრო სხვაგან ხედავენ და ჩვენც ამიტომაც, ეს გადაწყვეტილება მივიღეთ“, - აღნიშნა ვაშაძემ.

კითხვაზე, თქვენი პარტია საბოლოოდ შეერწყმება „ნაციონალურ მოძრაობას“, რაზეც ვაშაძე ამბობს, რომ „არა, ყველა ბლოკი, პოლიტიკური თუ სამართლებრივი იქნება, ყოველთვის ერთი სიით გამოდის, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ „სტრატეგია აღმაშენებელი“ არსებობას ვწყვეტთ“.

„არა პირიქით, „სტრატეგია აღმაშენებელს“ აქვს თავისი იდენტობა. სახელწოდება რისი სია იქნება ამაზე ჩვენ შევჯერდებით მომავალში, ანუ რა ეწერება სიაში ამ პოლიტიკური ბლოკის სახელად, ამაზე ჩვენ მომავალში შევჯერდებით. გაერთიანებაზე ჩვენ გვაქვს ასეთი შეთანხმება, რომ შევქმნით ცალკე საბჭოს, რომელშიც ყველანი თანაბარი უფლების მქონენი ვიქნებით და გადაწყვეტილებებს მივიღებთ. აი, ის ახალი ადამიანები, რომლებიც შეიძლება შემოგვიერთდნენ, მათაც ვეპატიჟებით ამ გადაწყვეტილების მიღების მექანიზმში, რომელიც იქნება ამ პოლიტიკური გაერთიანების გადაწყვეტილების მიმღები ორგანო. რაც შეეხება გაერთიანების ლიდერს, ვინც საუკეთესო ფორმაში იქნება ის იქნება საარჩევნო კამპანიის ლიდერი და სავარაუდოდ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატიც“, - განაცხადა ვაშაძემ.

მისივე ვარაუდით, პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელია ხელისუფლების ცვლილების პროცესში აქტიურ როლს შეასრულებს. „მე ნიკა მელიაზე ვფიქრობ, რომ ის ხელისუფლების ცვლილებების პროცესში აქტიურ როლს შეასრულებს. ვფიქრობ, რომ ის ახლა საკუთარ ადგილს ეძებს, როგორც ჩანს ამ სიტუაციაში. ნამდვილად ინტერესი არ მაქვს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ შიდა გარჩევებში ჩავერთო, ეს ჩემი ამოცანა არ არის, ეს მათი შიდა სამზარეულოა და მათი შიდა ამოცანაა, მე ახლა ვურთიერთობ იმ მენეჯმენტთან, რომელიც ახლა „ნაციონალურ მოძრაობაში“ არის. ასევე, კომუნიკაცია მიხეილ სააკაშვილთან მაქვს, მაგრამ სამწუხაროდ, კლინიკა „ვივამედში“ შესვლის ნებართვას არ მაძლევენ, რომ ეს ადამიანი ვნახო, მაგრამ წერილობით ინფორმაციას ვცვლით“, - განაცხადა ვაშაძემ.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა