თვისობრივად ახალ ფორმაზე ვფიქრობთ - ღია სიებზე, სადაც „ნაცებსა“ და „ქოცებს“ მიღმა მოთამაშე პოლიტიკოსებს საშუალება გვინდა მივცეთ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა "გირჩის" წესებით მიიღონ - ვიწყებთ ღია თამაშს, - ამის შესახებ "გირჩის" დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
მისივე თქმით, არავისთან გაერთიანდებიან ბარიერის გადალახვის მიზნით.
"ჩვენ ბარიერის გადალახვის მიზნით არავისთან არ შევკავშირდებით, თუმცა თვისობრივად ახალ ფორმაზე ვფიქრობთ - ღია სიებზე, სადაც "ნაცებსა" და "ქოცებს" მიღმა მოთამაშე პოლიტიკოსებს საშუალება გვინდა მივცეთ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა "გირჩის" წესებით მიიღონ, თუ რასაკვირველია, სხვებისგან ამის საშუალება და ინტერესი იქნება.
ვიწყებთ ღია თამაშს, რომ ჩვენი პლატფორმა გამოყენებული იქნას სხვადასხვა პოლიტიკური გემოვნების ადამიანების მიერ ოღონდ ჩვენი წესებით. გვინდა სიები ჩაკეტილი არ იყოს პარტიულობით, შედგენილი იყოს პრინციპების და ღირებულებების მიხედვით, რაც "გირჩს" აქვს. ვნახოთ, რამდენი პოლიტიკოსი აღმოჩნდება "გირჩის" გარეთ, რომელიც იმავე მიზნებისთვის იბრძოლებს, რაც "გირჩს" აქვს," - განაცხადა ხვიჩიამ.
რაც შეეხება "სტრატეგია აღმაშენებლისა" და "ნაცმოძრაობის" გაერთიანებას, როგორც ხვიჩია ამბობს, "ნაცმოძრაობაში" სხვა პარტიიდან ლიდერის" ტრანსფერი" განხორციელდა.
"ძალიან ვგულშემატკივრობთ კოლეგების გაერთიანებებს, რომ დროზე ჩამოყალიბდეს ქართული პოლიტიკური სპექტრი - "ნაცებად", "ქოცებად", "პრონაცებად" და "პროქოცებად". ერთი ადგილია დარჩენილი ჩვენთვის, დარწმუნებული ვარ, ჩვენ დავიკავებთ ამ მე -5 ადგილს "პრონაცებსა" და "პროქოცებს" მიღმა.
თუ ფიქრობ, რომ წარმატების გასაღები შენს ხელშია, ასე უნდა მოიქცე, ამიტომ მათ წარმატებას ვუსურვებ მიუხედავად იმისა, მათ ხელშია გასაღები თუ არა.
მგონი, გიორგი ვაშაძე ოცნებების ახდენას ცდილობს, რაც პოლიტიკაში სრულიად ლეგიტიმურია. ამ შემთხვევაში მისი ოცნებაა "ნაცმოძრაობიდან" პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი იყოს. ამისთვის ხშირად იბრძოდა, ბევრჯერ ბოლო მომენტში ბედმა უმუხთლა და სხვა ვინმე გამოეჩხირა ხოლმე, მაგრამ როცა რაიმე გინდა, სულ უნდა ეცადო. დარწმუნებული ვარ, "ნაცმოძრაობის" შიგნით თავის შანსებს ხედავს და ამიტომ იყო მონდომებული მთელ ამ პროცესში. როგორც ვაკვირდები, გიორგი ვაშაძე "ნაცმოძრაობაში" ლიდერთა დეფიციტის გამო დაიმატეს, არსებული ლიდერები არ იყვნენ საკმარისი იმისათვის, რომ "ნაცმოძრაობას" თავი ისე წარმოეჩინა, როგორც მიაჩნდა. ამიტომ ლიდერის ტრანსფერი განხორციელდა სხვა პარტიიდან. რამდენად წარმატებული იქნება, არ ვიცი, მაგრამ ხომ უნდა სცადო, რომ გამოგივიდეს," - განაცხადა ხვიჩიამ.