„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გოგა ონიანის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობისა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ მიერ „ბილტმორში“ გამართულ ღონისძიებაზე საკრებულოს წევრები შერჩევით მიიწვიეს. აღნიშნულის შესახებ გოგა ონიანმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ამ ფაქტთან დაკავშირებით კონფერენციაზეც განაცხადა, სადაც „ნაციონალური მოძრაობის”თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი და „სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
გოგა ონიანის თქმით, ვითარებიდან გამოსავალი არის სიმართლეში, როდესაც მენეჯმეტი სიმართლეს დაინახავს და მდგომარეობაც შემდეგ გამოსწორდება.
„სამწუხაროდ, ჩემი პოზიცია დღესაც არ იქნა სწორად გაგებული. სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს შემდეგი ფაქტი - როდესაც ვისაუბრე, რომ პოლიტსაბჭოს დახურვა, შემდეგ ოფისების დახურვა, პარტიის 15 თავმჯდომარის უგულებელყოფა ქალაქში, დღეს უკვე საკრებულოს წევრების შერჩევით დაძახება, ეს არის პრობლემა და ანგრევს “ნაციონალურ მოძრაობას”. ამაზე ვისაუბრე და პარტიის თავმჯდომარემ, პასუხი გამცა, რომ ბესო გაზდელიანი პარტიაში 500 ლარს იღებსო. როდესაც ამ დონემდე დადის კომუნიკაცია და მეუბნება შენ შემახვედრეო, მე ვის უნდა შევახვედრო? იმ ადამიანებს, რომლებიც მისივე გადაწყვეტილებით დროზე ადრე გაყარეს პოლიტსაბჭოდან. მინდა საზოგადოებას ვუთხრა, პოლიტსაბჭო არის ორგანო, სადაც ხელფასს არავინ იღებს. ეს არის ორგანო, სადაც ადამიანები პოლიტიკას აკეთებენ და შემდეგ ამ პოლიტიკის დასაცავად იბრძვიან", - განაცხადა გოგა ონიანმა.
ღონისძიებაზე საკრებულოს წევრების არასრული შემადგენლობით დასწრებაზე ისაუბრა პარტიის კიდევ ერთმა წევრმა, ზვიად კუპრავამ.
“დღევანდელ კონფერენციაზე ჩემი მოწოდება იყო ასეთი - შემდეგი კონფერენცია ჩატარდეს სრული შემადგენლობით და რომ მსგავსი ტიპის კონფერენციებს ჰქონდეს სრული ლეგიტიმაცია", - განაცხადა ზვიად კუპრავამ.