თუ ჩვენ „ქართულ ოცნებას“ არჩევნებამდე რაც შეიძლება ადრე არ ავუნთებთ წითელს სიტყვით და საქმით, იცოდეთ, რომ საქართველო შანსს კარგავს, - ამის შესახებ პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა, არმაზ ახვლედიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა.
მისი თქმით, უმთავრესია, რომ 2024 წლის არჩევნები დემოკრატიული იყოს. ახვლედიანის განცხადებით, მოუწოდებენ დასავლეთ პარტნიორებს, რომ არჩევნებამდე თვეებით ადრე „ქართული ოცნების“ მისამართით გაკეთდეს მკაფიო განცხადება, რომ თუკი „მზაკვრობა“ გაგრძელდება“, პირობებში ჩატარებული არჩევნები ვერ ჩაითვლება ლეგიტიმურად.
ახლვედიანმა ისაუბრა ოპოზიციის გაერთიანების პერსპექტივებზეც.
დეპუტატის შეფასებით, წინა საარჩევნოდ, სხვადასხვა პოლიტიკური ძალის დაჯგუფება, პოლიტიკოსების ერთობა მისასალმებელი იქნება იმ შემთხვევაში, თუ ეს ოპოზიციის გამარჯვებას წაადგება.
„ეს ნიშნავს იმას, რომ არა მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ გავისტუმრებთ, არამედ მოვახერხებთ ნორმალური მმართველობის შემოტანას და ნორმალური სახელმწიფოს აშენებას. თუ ასეთი ფორმულაა, მივესალმები. სხვა შემთხვევაში, ვფიქრობ, რომ კითხვები დაისმება და ეს იქნება მწვავე კითხვები.
„ნაციონალური მოძრაობა“ პირდაპირ პასუხისმგებელია იმაზე, რაც დღეს ჩვენ გვჭირს საქართველოში. მიხეილ სააკაშვილის დროს, დემოკრატიული სივრცე და სამართლებრივი ინსტიტუტები წელში გამართული რომ ყოფილიყო, დღეს ეს მდგომარეობა არ გვექნებოდა. სწორედ ამიტომ ვიტყვი, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა ჩაერთოს წინა საარჩევნო კამპანიაში და ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ მისი წილი დანაშაული გამოასწოროს. მას ვალდებულება აქვს, რომ ყველაფერი გააკეთოს, როგორც სასჯელი ისე გადაიხადოს, მეორე მხრივ კი, დიდი ამბიცია არ უნდა ჰქონდეს მომავალ კოალიციურ მმართველობაში, იქ მას უნდა ჰქონდეს ერთი განსაზღვრული ხმა და მეტი არა, ეს იქნება სწორი“, - განაცხადა ახვლედიანმა.
მისივე შეფასებით, ოპოზიციურმა გაერთიანებამ უნდა ჩამოაყალიბოს კონკრეტული მოთხოვნები, სადაც ნათქვამი იქნება, რომ ოპოზიცია „ქართული ოცნების“ მხრიდან მოითხოვს შეიქმნას მყარი გარანტიები იმისთვის, რომ „სახელმწიფო ძალადობრივი მანქანა არ იქნება გამოყენებული“.
„უმთავრესი არის ის, რომ ყველას დღის წესრიგში ჰქონდეს ერთადერთი საკითხი - არა ის თუ ვინ ვისთან გაერთიანდება, არამედ ოპოზიციას გამოგვდის თუ არა 2024 წლის წინა საარჩევნო კამპანია იყოს მეტ-ნაკლებად ნორმალური და დემოკრატიული. თუკი ოპოზიციის პასუხისმგებლობიანი ნაწილი და დასავლელი კოლეგები ვიტყვით, რომ მზაკვრობა გრძელდება, მაშინ სხვა გადაწყვეტილება იქნება მისაღები.
ჩვენ მოვუწოდებთ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, რომ „ქართული ოცნების“ მისამართით თვეებით ადრე გაკეთდეს მკაფიო განცხადება, რომ ამ პირობებში ჩატარებული არჩევნები ვერ ჩაითვლება ლეგიტიმურად. ასეთ შემთხვევაში ბოიკოტის თემას ექნება სრული საფუძველი. ბოლო 2-3 ათწლეულის განმავლობაში, დასავლეთში არჩევნების შემფასებელი პოლიტიკური ცენტრები, როგორც არასდროს ისე არიან განწყობილები, რომ ეს შეფასება გაკეთდეს, თუ „ქართული ოცნება“ გონს არ მოეგება.
თუკი ჩვენ „ქართულ ოცნებას“ არჩევნებამდე, რაც შეიძლება ადრე არ ავუნთებთ წითელს სიტყვით და საქმით, იცოდეთ, რომ შანს საქართველო კარგავს“, - განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.