შალვა პაპუაშვილი - გამჟღავნდა, რომ არსებობს გეგმები გიორგი მარგველაშვილი გახდეს „ნაციონალური მოძრაობის“ პირდაპირი მოკავშირე - მარგველაშვილმა უნდა დააფიქსიროს, მან დაწერა თუ არა ის პეტიცია, რომელსაც მისი სახელი დაერქვა

სამწუხაროა, როდესაც ასეთი დამოკიდებულება აქვთ ყოფილ პრეზიდენტებს - ერთმა ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დააორგანიზა ყალბი კამპანია საქართველოს წინააღმდეგ, მეორე ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განახორციელა ეს ყალბი დეზინფორმაციის კამპანია საქართველოს წინააღმდეგ და სამწუხაროდ, მოქმედი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამაზე საერთოდ არაფერს ამბობს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ე.წ. ფარას კანონთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, „ფარას“ კანონმა კიდევ ერთი სკანდალი გამოავლინა, რომ მოძრაობასა და გიორგი მარგველაშვილს შორის არა მხოლოდ კავშირია, არამედ არსებობს გეგმები, რომ გიორგი მარგველაშვილი გახდეს "ნაციონალური მოძრაობის" პირდაპირი მოკავშირე.

„მე მგონი, მთელმა საზოგადოებამ ნახა „რუსული კანონის“ სარგებელი, რომელიც ამერიკაში მოქმედებს. ვნახეთ ჩვენ, რომ „რუსულმა კანონმა“, რომელიც ამერიკაში მოქმედებს, მოგვცა შესაძლებლობა, გაგვეგო, საერთოდ, თურმე, როგორი ორგანიზებული და ორკესტრირებული კამპანია იმართებოდა საქართველოს წინააღმდეგ. რომ არა „რუსული კანონი“, რომელიც მოქმედებს ამერიკაში, ამას, რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ გავიგებდით, რადგან ევროკავშირში ჯერჯერობით ასეთი „რუსული კანონი“ არ არის მიღებული, საქართველოშიც არ გვაქვს „რუსული კანონი“, თორემ, რომ გვქონოდა, გავიგებდით არა მხოლოდ იმას, თუ რა თანხა დაიხარჯა ამ ე.წ. პეტიციის დისტრიბუციაში, არამედ იმასაც გავიგებდით, ვის რა თანხა აქვს აღებული ამ პეტიციის შემუშავებასა და ხელმოწერაში. ჩვენთან, სამწუხაროდ, განსხვავებით ამერიკისგან, რუსული კანონი“ არ მოქმედებს, რომ მოქმედებდეს „რუსული კანონი“ მეტი ინფორმაცია გვექნებოდა.

სწორედ იმის გამო, რომ „რუსული კანონი“ არსებობს ამერიკაში, აღმოვაჩინეთ, რომ თურმე რეზოლუციები, რომლებსაც ევროკავშირის პარლამენტი იღებს, ყოფილა არა ე.წ. კეთილმოსურნე ევროპარლამენტარების შემუშავებული, არამედ რეზოლუციის პროექტები იწერება ამერიკაში ლობისტების მიერ და შემდეგ ხდება მისი თავს მოხვევა ევროპარლამენტისთვის. იგივე სიტუაციაა პეტიციასთან დაკავშირებით. ეჭვი დიდია, რომ თავად ეს პეტიციის ტექსტი არ არის გიორგი მარგველაშვილის შედგენილი, დიდი ალბათობით, სწორედ ლობისტების შედგენილი ტექსტია, ხელმომწერებიც მათ მოიძიეს და, საბოლოო ჯამში, ის როგორც ფიგურა, რომელიც თავში მოაწერდა ხელს, ამ მხრივ გამოიყენეს. საინტერესოა თავად გიორგი მარგველაშვილმა დააფიქსიროს, ჰქონდა თუ არა მას პირდაპირი ან ირიბი კონტაქტი და კომუნიკაცია ლობისტებთან და მეორე, მან დაწერა თუ არა ის პეტიცია, რომელსაც დაერქვა მისი პეტიცია.

"ფარამ" და ამერიკაში მოქმედმა „რუსულმა კანონმა“ კიდევ ერთ საკითხს შეუწყო ხელი, რომ ამ ინფორმაციის გასაჯაროებით, როგორც ჩანს, კიდევ მეორე სკანდალი გამჟღავნდა, რომ არის არა მხოლოდ კავშირი „ნაციონალურ მოძრაობასა“ და გიორგი მარგველაშვილს შორის, არამედ არსებობს გეგმები, რომ გიორგი მარგველაშვილი გახდეს „ნაციონალური მოძრაობის“ პირდაპირი მოკავშირე.

რაც შეეხება ამ პეტიციას და რატომ არის ეს მძიმე, იმიტომ, რომ როდესაც ყოფილი პრეზიდენტი საკუთარ ქვეყანას, საკუთარ პენიტენციურ სამსახურს აბრალებს პატიმრის წამებას, აბრალებს თითქოს მის მიმართ ხდება ცუდი მოპყრობა, ამას აკეთებს ყოფილი პრეზიდენტი“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ამასთან, როგორც პარლამენტის სპიკერმა განაცხადა, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა უნდა განმარტოს, ვისი დავალებით მოქმედებდა ამ პროცესში ჩართული ამერიკის საელჩოს წარმომადგენელი.

„საინტერესო იქნებოდა სალომე ზურაბიშვილის აზრის გაგება, რას ფიქრობს ის, როდესაც ახლა ასე გამჟღავნდა, რომ თურმე ამხელა მანქანა იყო ჩართული იმისთვის, რომ მომხდარიყო საქართველოს დისკრედიტაცია და მომხდარიყო საქართველოს ხელისუფლების, მათ შორის, თავად პრეზიდენტის შანტაჟი იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილი დაეხსნათ სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან. მათ შორის, აღმოჩნდა, რომ აშშ-ს საელჩოს თანამშრომელიც კი იყო ჩართული ამ დისკრედიტაციის კამპანიაში. იმედი მაქვს, რომ ამერიკის ელჩი, რომელმაც თქვა, რომ არ იცნობდა ამ დოკუმენტებს, გაეცნო მათ და გააკეთებს განმარტებას, თუ რატომ, როგორ, ვისი დავალებით იყო ჩართული აშშ-ის საელჩოს თანამშრომელი კამპანიაში, რომელიც დადასტურებულად არის სიყალბეზე დაფუძნებული - სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა ეს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ავთანდილ წულაძე - სი ძინ პინმა მოსკოვში ჩასვლით წერტილი დაუსვა კისინჯერის თეორიის განხორციელების ტრამპისეულ მცდელობებს, რომლის მიზანი იყო ჩინეთისაგან რუსეთის ჩამოშორება და მისი ჩინეთთან დაპირისპირება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ELT GROUP-მა ბათუმში, ამერიკულ Wyndham Hotel Group-თან პარტნიორობით, რეგიონში პირველი LA QUINTA BY WYNDHAM-ის სასტუმრო გახსნა