მარგველაშვილს აქვს ავტორიტეტი და გარკვეული მხარდაჭერა საზოგადოებაში, „ქართული ოცნება“ წინასწარ დგამს პრევენციულ ნაბიჯებს, რომ ის პოლიტიკაში არ შემოვიდეს - ესაა პრევენციული დარტყმა მარგველაშვილზე, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ განაცხადა, რითაც გიორგი მარგველაშვილზე მმართველი გუნდის განცხადებებს გამოეხმაურა.
აქუბარდია აცხადებს, რომ "ქართული ოცნების" პოლიტიკური ამოცანა ერთი მხრივ მარგველაშვილის "გასვრაა", მეორე მხრივ კი საზოგადოების დარწმუნება, რომ "აგენტების შესახებ" კანონი, რომელსაც ისინი იღებდნენ, ამერიკული კანონია.
"სიახლე არ არის, როცა "ქართული ოცნება" თავს ესხმის მოქმედ და ყოფილ პრეზიდენტებს. ამ მოცემულობაში, ერთი მხრივ, მათი საუბარი "ფარას" დოკუმენტზე დეზინფორმაციას ემსახურება, თითქოს რუსული კანონი იგივეა რაც "ფარა" - ეს არის ტყუილი. მეორე მხრივ, მარგველაშვილს აქვს ავტორიტეტი და გარკვეული მხარდაჭერა საზოგადოებაში და "ქართული ოცნება" ახლა წინასწარ პრევენციულ ნაბიჯებს დგამს, რომ ის პოლიტიკაში არ შემოვიდეს აქტიურად. არ ვიცი, მარგველაშვილი ამას აპირებს თუ არა, მაგრამ ესაა პრევენციული დარტყმა მასზე. ის, რომ 11 ათას დოლარზეა საუბარი, ძალიან სასაცილოა იმ ფონზე, როცა თვითონ მილიონებს ეთამაშებიან. გიორგი მარგველაშვილის გასვრა ამ ფორმით არის პოლიტიკური ამოცანა. მიუხედავად იმისა, რომ არ ვიცი დეტალები, შორის ვარ იმ აზრისგან, რომ მარგველაშვილი "გაიყიდა" 11 ათას დოლარად ან თუნდაც მეტ თანხად, რადგან მას ჰქონდა თავის პრინციპები, შეხედულებები და ის, რასაც აკეთებდა მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლისთვის, ეს მისი შეხედულებიდან გამომდინარე იყო," - განაცხადა აქუბარდიამ.
შეგახსენებთ, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის დოკუმენტების მიხედვით, ერთ-ერთ აქტივობაში, რომელშიც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილიც იყო ჩართული, მედიაკომპანიამ მიხეილ სააკაშვილის სახელით 12 000 დოლარამდე თანხა მიიღო. აღნიშნულთან დაკავშირებით მმართველი გუნდის განცხადებებს გიორგი მარგველაშვილმა ბინძური ტყუილი და დეზინფორმაცია უწოდა და აღნიშნა, რომ ამაზე სერიოზული კომენტარის გაკეთება არ სურს. "მხიარული კომენტარია ის, რომ თუ გადაწყვიტეს, რომ მე გავხდი მექრთამე და ფულის ამღები, პრინციპულად შეურაცხყოფილი ვარ ამ პატარა თანხით -11 500 დოლარით, ეს ჩემთვის შეურაცხმყოფელია," - აღნიშნა მარგველაშვილმა.