დავით კირკიტაძე - „ქართული ოცნება“ გადაქცეულია ბარიერად და მოწინააღმდეგედ, ჩვენი ევროპული ინტეგრაციის გზაზე - ამბობენ, თითქოს, რაღაც ბუნდოვანება არსებობს 12 პუნქტში, არადა ყველაფერი ნათლად წერია

„ქართულ ოცნებაში“ ცდილობდნენ არათუ 12 რეკომენდაცია შეესრულებინათ, არამედ გაეკეთებინათ ყველაფერი საწინააღმდეგოდ, რომ ეს პროცესი ჩაშლილიყო - ისინი არათუ ასრულებენ ამ რეკომენდაციებს, მედიასთანაც გამოვიდნენ და კომენტარი გააკეთეს, რომ ვერ გაიგეს რა არის 12 რეკომენდაცია, - ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დავით კირკიტაძე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის მიხედვითაც ევროკავშირის რეკომენდაციების კონკრეტული პუნქტების შესასრულებლად საჭიროა მეტი კონკრეტიკა.

როგორც კირკიტაძემ აღნიშნა, მმართველი გუნდი ევროკავშირის ელჩებს, სხვა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ღიად ეუბნება, რომ, თითქოს, რაღაც ბუნდოვანება არსებობს ამ 12 პუნქტში, არადა, ყველაფერი ნათლად წერია.

„საზოგადოებამ კარგად იცის, რომ ის 12 რეკომენდაცია, რომელიც ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხრიდან გაიცა, ემსახურება ჩვენი ქვეყნის, ხალხის უკეთესი მომავლისკენ გადასადგმელ ნაბიჯებს. სამწუხაროა, რომ საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლები დღესაც აცხადებენ, რომ მათთვის გაუგებარია თუ რას ითვალისწინებდა ეს რეკომენდაციები. მათთვის არამხოლოდ გაუგებარია თუ რას ითვალისწინებდა ეს რეკომენდაციები, არამედ ისინი ჩვენს ევროპისკენ მიმავალ გზაზე ცდილობდნენ, რომ არათუ 12 რეკომენდაცია შეესრულებინათ, არამედ გაეკეთებინათ ყველაფერი საწინააღმდეგოდ, რომ ეს პროცესი ჩაშლილიყო. ყველას გახსოვთ რუსული კანონი, რომელიც მათ შემოიტანეს რა ვნებათაღელვა გამოიწვია ქვეყნის შიგნითაც და ქვეყნის გარეთაც. ისინი არათუ ასრულებენ ამ რეკომენდაციებს, მედიასთანაც გამოვიდნენ და კომენტარი გააკეთეს, რომ ვერ გაიგეს რა არის 12 რეკომენდაცია. ამიტომ, რეალურად, „ქართული ოცნება“ გადაქცეულია ბარიერად და მოწინააღმდეგედ, ჩვენი ევროპული ინტეგრაციის გზაზე. დღეს ამ კონფერენციაზე ესეც დადასტურდა. ისინი ევროკავშირის ელჩებს, სხვა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ღიად ეუბნებიან, რომ, თითქოს, რაღაც ბუნდოვანება არსებობს ამ 12 პუნქტში, არადა ყველაფერი ნათლად წერია. ეს პუნქტები იმიტომ უნდა შესრულდეს, რომ საბოლოო ჯამში ჩვენი ქვეყანა გახდეს უკეთესი, ჩვენი მოქალაქეების უფლებები იყოს უფრო დაცული და ჩვენ საბოლოო ჯამში, მივიღოთ სანუკვარი წევრობა, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის როგორც უსაფრთხოებას, ასევე სოციალურ კეთილდღეობას.

რაც შეეხება ოლიგარქიზაციას, მთელი საქართველო და სამყარო ჩამოყალიბებულია, რომ ამ ქვეყანაში ოლიგარქი არის ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც განუზომელი ძალაუფლება აქვს ხელისუფლების ნებისმიერ შტოზე და „ქართული ოცნება“ ცდილობს, რომ ჩადგეს სირაქლემას პოზაში, თითქოს, არ იციან ვინ არის ამ ქვეყანაში ოლიგარქი, რომელიც ძალაუფლებას და ბერკეტებს ფლობს ხელისუფლების ყველა შტოზე. სასაცილოა, ვინმეს გჯერათ, რომ მათ არ იციან, რომ ბიძინა ივანიშვილია ოლიგარქი?!“- განაცხადა დავით კირკიტაძემ.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ევროკავშირის დეტალური ანგარიშიდან ჩანს, რომ ივნისის ბოლომდე რომელი რეკომენდაციების შესრულებაც შესაძლებელი იყო, ყველაფერი შესრულებულია.

როგორც მან აღნიშნა, სასამართლო რეფორმასა და დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებული პუნქტების შესასრულებლად საჭიროა კონკრეტიკა.

ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ფოკუსირებულია რეპრესიებზე და შიშის დანერგვაზე - ის  არ დაუშვებს, დაისაჯონ ისინი, ვისზეც ხელისუფლება დგას
ქართული პრესის მიმოხილვა 23.01.2025
კახა ოქრიაშვილი - ამ სიტუაციაში ეკონომიკური სტაგნაცია გარდაუვალია
Samsung-მა ახალი Galaxy S25 სერია წარადგინა