ჩვენს თანამებრძოლებს, რომლებიც ლავროვის ოჯახის ჩამოსვლას აპროტესტებდნენ, სასამართლოებში თვეში რამდენჯერმე დაატარებენ, რომ ციხეში გაუშვან, ან ჯარიმა დაუწერონ - ამ ყველაფერს აკეთებენ პუტინის და ლავროვის საამებლად, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, „საქმე გვაქვს პუტინისტ, რუსულ პარტიასთან და თითოეული მოქალაქის ვალია იბრძოლოს ქვეყნის თავისუფლებისთვის“.
„საზოგადოებამ ნახა, რომ რუსული უნივერსიტეტის გახსნა უნდათ ამ ქვეყანაში. ჩვენ გვანახეს რუსული კანონი, გვაჩვენეს რუსული ფრენების აღდგენა, გვაჩვენეს პუტინის მხარდაჭერა რუსული პარტიის მხრიდან. ახლა გვაჩვენებენ, რომ რუსული უნივერსიტეტი უნდა გახსნან საქართველოში.
ამასობაში, გვაჩვენებენ ყოველდღიურად ასი ათასობით რუსს, რომელმაც ბიზნესი გააკეთა აქ, უძრავი ქონება შეიძინა და ფაქტობრივად, ჩვენი მოსახლეობის ჩანაცვლება ხდება პუტინისტებით.
ამას ყოველდღიურ რეჟიმში უყურებს საქართველოს მოსახლეობა. დღეს იმართება სასამართლო პროცესი. დღეს იმართება იმ ადამიანების სასამართლო, რომლებმაც გააპროტესტეს ის, რომ ლავროვს და მის ოჯახის წევრებს აქ არ უნდა ჩამოესვლებოდეთ. ამ რუსული უნივერსიტეტის, რუსული საქმიანობის პარალელურად, სასამართლოებში თვეში 2-ჯერ, 3 -ჯერ დაატარებენ ამ ადამიანებს, რომ ჯარიმები გამოუწერონ, რათა ციხეში გაუშვან და ამ ყველაფერს აკეთებენ ლავროვის და პუტინის საამებლად.
ყველამ კარგად უნდა იცოდეს, რომ ჩვენ საქმე გვაქვს პუტინისტ, რუსულ პარტიასთან და საქართველოს თითოეული მოქალაქის ვალია იბრძოლოს ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის და ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს