თინა ბოკუჩავა - გიორგი მარგველაშვილის გადასაწყვეტია, რამდენად ისაუბრებს საჯაროდ თავის პოლიტიკურ გეგმებზე - მე შემიძლია ვთქვა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ კარი ღიაა ყველასთვის, ვინც აცნობიერებს, რომ ქვეყანა კარგავს ევროპულ მომავალს

ჩვენ მივესალმებით ოპოზიციურ ფრონტზე ნებისმიერ გამსხვილებას - მაქსიმალურად ერთიანი ფრონტის შექმნა და ფრაგმენტაციის მინიმიზაცია არის გამარჯვების ფორმულა - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ განუცხადა.

რაც შეეხება საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის პოლიტიკაში ჩართვასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას, როგორც ბოკუჩავამ აღნიშნა, მისი გადასაწყვეტია, ისაუბრებს თუ არა საკუთარ გეგმებზე ღიად, „ნაციონალური მოძრაობის“ კარი კი ღიაა ყველა პროდასავლელი პოლიტიკური პარტიისა და სუბიექტისთვის.

„ჩვენ მივესალმებით ოპოზიციურ ფრონტზე ნებისმიერ გამსხვილებას. ჩვენი გაერთიანება „სტრატეგია აღმაშენებელთან“, გიორგი ვაშაძის პარტიასთან სწორედ ამას ემსახურებოდა, არამხოლოდ გამსხვილებას ჩვენი ელექტორალური თვალსაზრისით, არამედ იმას, რომ ბიძგი მიგვეცა სხვა გაერთიანებებისთვის. მიგვაჩნია, რომ მაქსიმალურად ერთიანი ფრონტის შექმნა და ფრაგმენტაციის მინიმიზაცია არის გამარჯვების ფორმულა. ასეთი კონფიგურაციით ოპოზიცია აუცილებლად დაამარცხებს რუსულ რეჟიმს.

რაც შეეხება გიორგი მარგველაშვილის საკითხს, მე არ ვიცი ქვეყნის მეოთხე პრეზიდენტის მოსაზრება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. ბუნებრივია, ეს მისი გადაწყვეტილებაა, მათ შორის რამდენად საჯაროდ ისაუბრებს თავის სამომავლო პოლიტიკურ გეგმებზე. მე ერთი შემიძლია ვთქვა, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კარი ყველა პოლიტიკური პარტიისა და სუბიექტისთვის ღიაა, ვინც აცნობიერებს, რომ ერთი მხრივ, ჩვენი ქვეყანა კარგავს ევროპულ მომავალს და შესაბამისად დგას ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე და მეორე მხრივ, სწორედ გამსხვილებაში და მაქსიმალურად ერთიანი ფრონტის შექმნაში არის გამარჯვების ფორმულა. ნებისმიერი ადამიანი, ვისაც აქვს პოლიტიკური რესურსი და კაპიტალი და რომელიც არის პროდასავლელი, გააძლიერებს საერთო პროდასავლურ ოპოზიციურ ფრონტს, ამიტომ მე მივესალმები თითოეული ასეთი ადამიანის ჩართვას პოლიტიკურ პროცესებში, იქნება ეს ჩვენი პარტიის ირგვლივ თუ ნებისმიერ სხვა ფორმატში, რომელიც დიდ საერთო მიზანს ემსახურება“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ფოკუსირებულია რეპრესიებზე და შიშის დანერგვაზე - ის  არ დაუშვებს, დაისაჯონ ისინი, ვისზეც ხელისუფლება დგას
ქართული პრესის მიმოხილვა 23.01.2025
კახა ოქრიაშვილი - ამ სიტუაციაში ეკონომიკური სტაგნაცია გარდაუვალია
Samsung-მა ახალი Galaxy S25 სერია წარადგინა