დღეს ერთიანობაზე ლაპარაკი, რომელიც ხვალ ხელში შემოიფშვნება, არის უპასუხისმგებლობა მათი მხრიდან. ეს არის „ევროპული საქართველოს“ პოზიცია, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა.
როგორც ბოკერიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკური სივრცეში“ აღნიშნა, ნებისმიერი გაერთიანება უნდა ემყარებოდეს შეხედულებებისა და ფასეულობების სიახლოვეს.
„სანამ რამე ტიპის პოლიტიკურ დაჯგუფებაზე იქნება საუბარი, ჯერ ყველა პოლიტიკურმა ძალამ მათი რიგები უნდა გაზარდოს, ვისაც აქვს ამ პოლიტიკური ძალის რწმენა - რომლებიც მზად არიან, ამ პოლიტიკურ ძალასთან საარჩევნოდ იბრძოლონ. ყველა სპეკულაციები, რაც აქამდე ყოფილა ან ზიანის მომტანი იყო, ან არაგულწრფელი, საფარის შესაქმნელი - ვიღაცას უნდა ვიღაცას შეუერთდეს.
ბატონ ვაშაძეს უნდოდა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ყოფილიყო, დიდ პარტიაში უნდა რომ იყოს. 2020 წელსაც უნდოდა, მაგრამ უარი უთხრეს და ამის გამო წამოვიდა. ახლა შანსი აქვს, რომ იქ [ნაციონალური მოძრაობა] დაბრუნდეს. უნდათ, რომ ერთად იყვნენ. კითხვა უნდა დაისვას: რა ფასეულობებზე ვერ თანხმდებოდნენ ადრე და რაზე შეთანხმდნენ ახლა? ნებისმიერი გაერთიანება უნდა ემყარებოდეს შეხედულებებისა და ფასეულობების სიახლოვეს“,- განაცხადა ბოკერიამ.
„ევროპული საქართველოს“ ლიდერის შეფასებით, ამომრჩევლის დიდმა უმრავლესობამ უნდა დაინახოს, რომ ცვლილება აუცილებელია.
მისივე თქმით, როდესაც რამე სახის ალიანსზეა საუბარი, „პასუხისმგებლობიანად უნდა მიუდგნენ ყველა დეტალს“.
„ჩვენ გვჭირდება, რომ ჩვენი მოქალაქეების უმრავლესობა, რომელსაც უნდა, რომ საქართველო იყოს თავის ისტორიულ ადგილას, სადაც ქართული იდენტობაა, დასავლურ ცივილიზაციაში, ნატო-ში და ევროკავშირში - ამ დიდმა უმრავლესობამ დაინახოს, რომ ცვლილება აუცილებელია. დღეს, ჯერ ეს ასე არ არის. ამისთვის ყველა ჯგუფმა ადამიანები უნდა დაარწმუნოს, რომ ეს ცვლილებები აუცილებელია. ეს ასე თუ არ მოხდა ეს რეჟიმი [ქართული ოცნება] ძალაუფლებას შეინარჩუნებს. ამიტომ დღეს ერთიანობაზე ლაპარაკი, რომელიც ხვალ ხელში შემოიფშვნება, არის უპასუხისმგებლობა მათი მხრიდან, ეს არის „ევროპული საქართველოს“ პოზიცია.
ნაადრევად და ზედაპირულად გამოცხადებული ერთობები, რომელიც მერე რაღაც საკითხის გამო იშლება, რომელიც ახლახან მოხდა, მანამდე იყო სამეული, იყო უზარმაზარი განაცხადები, რომ ჩვენ ვიწყებთ მუშაობას და არ გამოუვიდათ, ახლა როგორ ფიქრობთ, ეს კარგია განწყობის შესაქმნელად? არა, რა თქმა უნდა. მე ვგულისხმობ, რომ ყველა უნდა გაძლიერდეს. როდესაც საუბარია რამე სახის ალიანსზე პასუხისმგებლობიანად უნდა მიუდგნენ ყველა დეტალს. არ შეიძლება გამოაცხადო და ზეგ გადათქვა“,- განაცხადა ბოკერიამ.
კითხვაზე, რომელ პოლიტიკურ პარტიასთან ერთად წარმოუდგენია კოალიციის შექმნა, ბოკერია პასუხობს:
„მე შემიძლია გითხრათ, ვის გამოვრიცხავ. გამოვრიცხავ „ქართულ ოცნებას“ და ყველასთან, ვინც დაკავშირებულია მასთან, ან იმათ, ვინც გამოეყო „ქართულ ოცნებას“, მაგრამ მკაფიო პოზიცია არ აქვს დაფიქსირებული იმასთან დაკავშირებით თუ რა მოხდა ამ წლების განმავლობაში. და, რა თქმა უნდა, გამოვრიცხავ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ შერწყმას.
ასევე, შემიძლია გამოვრიცხო ულტრამემარცხენე და ულტრამემარჯვენე ძალებთან თანამშრომლობა. იმ ფასეულობებთან ახლოს უნდა იყოს, რომელიც „ევროპულ საქართველოს“ აქვს, რაც, ჩემი აზრით, ჰქონდათ დამფუძნებელ მამებს“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.