ის უპასუხისმგებლო განცხადება, რომელიც საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ გააკეთა, კიდევ ერთი დადასტურებაა იმის, რომ საქართველოს მთავრობა ორკესტრირებულადაა ჩართული იმ პროცესში, რომელიც პუტინის ტერორისტული რეჟიმის მიერ სანქციებისგან გვერდის ავლას უკავშირდება, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ანტიკორუფციული მიმართულების მდივანმა, ვასო ურუშაძემ განაცხადა, რითაც სოჭიდან ბათუმში საკრუიზო გემის სავარაუდო შემოსვლას გამოეხმაურა. მისივე განმარტებით, „საქართველოს ხელისუფლება, რომელიც რუსული ინტერესების დაკმაყოფილებითაა დაკავებული, დასავლური სანქციების ეფექტიანობის ამაღლებით უნდა იყოს რეალურად დაკავებული“.
„ეს კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ საქართველოს ეკონომიკური ექსპანსია რუსეთის მხრიდან, გრძელდება მას შემდეგ, რაც დასავლეთმა რუსეთს სანქციები დაუწესა და პუტინის ტერორისტული რეჟიმი საერთაშორისო იზოლაციაში მოექცა. ისინი ეკონომიკური პროცესებისა და ტურისტული ნაკადების დივერსიფიცირებას ცდილობენ. მათ შორის, საქართველო, იმ ქვეყნებთან ერთად, რომლებიც დასავლურ სანქციებს არ უერთდებიან, მათი ინტერესების დასაკმაყოფილებლადაა გამოყენებული, იქნება ეს ტურისტული, სავაჭრო თუ ეკონომიკური საქმიანობა. ეს პირდაპირი სანქციებისგან გვერდის არიდების სქემაა, რაც მხოლოდ და მხოლოდ, რუსეთში პუტინის ტერორისტული რეჟიმის შენარჩუნებას ემსახურება. დასავლური სანქციების ეფექტიანობა, თუ ვინმეს ინტერესებში შედის უკრაინის შემდეგ, ეს საქართველოა, რადგან პუტინის ტერორისტული რეჟიმის დასუსტება და მისი საბოლოოდ ჩამოშლა, საქართველოს დეოკუპაციასთან, ეკონომიკურ თავისუფლებასთან და ევროკავშირში ინტეგრაციასთანაა დაკავშირებული. ამიტომ, ხელისუფლება, რომელიც დღეს რუსული ინტერესების დაკმაყოფილებითაა დაკავებული, დასავლური სანქციების ეფექტიანობის ამაღლებით უნდა იყოს რეალურად დაკავებული. ის უპასუხისმგებლო განცხადება, რომელიც საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ გააკეთა, რომ თითქოს აღნიშნული კრუიზის მფლობელი რუსი არაა და აღნიშნული საკრუიზო ლაინერი სეიშელის კუნძულებზეა რეგისტრირებული, კიდევ ერთი დადასტურებაა იმის, რომ საქართველოს მთავრობა ორკესტრირებულადაა იმ პროცესში ჩართული, რომელიც პუტინის ტერორისტული რეჟიმის მიერ სანქციებისგან გვერდის ავლას უკავშირდება,“ - განაცხადა ვასო ურუშაძემ, რომლის კომენტარსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.