„ნაციონალური მოძრაობა“ მისი ახალი პლატფორმით არ უნდა იყოს ძირითადი ბირთვი ახალ ხელისუფლებაში, ალტერნატიული ცენტრები უნდა არსებობდეს, სადაც „ნაციონალური მოძრაობა“ არ იქნება წამყვანი ძალა, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.
თეონა აქუბარდიას მტკიცებით, ხელისუფლების შეცვლის ერთადერთი შესაძლებლობა ისეთი ალტერნატივის შექმნაა, რომელიც კოალიციურ მმართველობას გამოიწვევს.
„ნამდვილად არ მინდა ერთპარტიულობა. არც წინა ხელისუფლების დროს, რაც გვქონდა და არც მოქმედი ხელისუფლების დროს, რაც გვაქვს, არ არის მისაღები და სწორი. ერთადერთი შესაძლებლობა მომავალში ხელისუფლების ცვლის არის ისეთი ალტერნატივის შექმნა, რაც საბოლოო ჯამში კოალიციურ მმართველობას გამოიწვევს. კოალიციურ მმართველობაში ვინ იქნება წამყვანი, ეს იქნება განპირობებული არა მხოლოდ სურვილზე, არამედ შესაძლებლობებზე, რაც საბოლოო ჯაში მიზნის რეალიზებას მოახდენს. მე ვისურვებდი, რომ ვიხილო არა მხოლოდ მიზანი, არამედ ამ მიზნის მიღწევის გზები და საშუალებები მოვისმინო და მექნება შესაძლებლობა შევაფასო, რამდენად ადეკვატურია ესა თუ ის სტრატეგია და რამდენად მიღწევადია“, - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.
თეონა აქუბარდიას მოსაზრებით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ მიღმა მინიმუმ ორი ცენტრი შეიქმნება.
„„ნაციონალური მოძრაობა“ და „სტრატეგია აღმშენებელი“ უკვე ერთად არიან. „ლელო“ აპირებს გაძლიერებას, ასევე, პარტია „საქართველოსთვის“. „ნაციონალური მოძრაობის“ მიღმა მინიმუმ ორი ცენტრი იქნება და მე ვფიქრობ, რომ ეს ნორმალურია. ჩემს ირგვლივ არის ძალიან ბევრი მოქალაქე, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას“ არ მისცემს ხმას, ისევე, როგორც „ქართულ ოცნებას“ არ მისცემს ხმას. „ნაცმოძრაობაში“ მე ჩემს თავს ვერ წარმოვიდგენ იმიტომ, რომ მის წინააღმდეგ წინა ხელისუფლების დროს მქონდა ჩემი პოზიცია და არსად არ წასულა ეს პოზიცია“, - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.