„ქართულმა ოცნებამ" საქართველო გადააქცია რუსეთის მომარაგების ლოჯისტიკურ ჰაბად, ამიტომ ვფიქრობ, ის შეშფოთება, რაზეც ამერიკელები საუბრობენ, არ არის უსაფუძვლო, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან "სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელის, ჯიმ ო'ბრაიენის განცხადებას.
მისი თქმით, უფრო მეტი მონიტორინგი და კონტროლია საჭირო, რადგან რუსეთი ყველაფერს გააკეთებს, რომ საქართველო გამოყენებული იყოს სანქციების გვერდის ავლის მექანიზმად.
"ჩვენ ვიცით, რომ რუსეთიდან მოფრინავენ ადამიანები, მაგრამ საქართველოდან არავინ მიფრინავს, ამიტომ ეჭვია, უკან დაბრუნებული რეისით რაიმე აკრძალული ტვირთის გადაზიდვა ხომ არ ხდება. როცა საქართველოში იყო ო 'ბრაიენი, მაშინაც თქვა, რომ დამატებითი წერტილები და საჰაერო სივრცე დამატებითი რისკია უკონტროლო ტვირთის გადაზიდვისთვის. რუსეთს უჭირს არამარტო ის აკრძალული 38 პროდუქტი, არამედ საყოფაცხოვრებო ნივთებიც. "ქართულმა ოცნებამ" საქართველო გადააქცია რუსეთის მომარაგების ლოჯისტიკურ ჰაბად, ამიტომ ვფიქრობ, ის შეშფოთება, რაზეც ამერიკელები საუბრობენ, არ არის უსაფუძვლო და ამას სჭირდება უფრო მეტი მონიტორინგი და კონტროლი, რადგან რუსები ყველაფერს გააკეთებენ, რომ საქართველო გამოყენებული იყოს სანქციების გვერდის ავლის მექანიზმად.
ახლა არავინ მითხრას, რომ თმის საშრობ ფენსა და სარეცხ მანქანებზე გაგიჟდნენ და მაინც და მაინც საქართველოდან უნდათ წაიღონ და ამიტომ არის 300 პროცენტით გაზრდილი მიწოდება ყაზახეთის მიმართულებით. რეალურად ამის მიწოდება რუსეთისთვის, ეს მესამე ქვეყნებიდან ხდება, ამიტომ ყურადღებით უნდა ვიყოთ, რომ რუსეთს ომის წარმოების რესურსი არ ჰქონდეს. რა გვინდა? - 2 კაპიკი ვიშოვოთ და მერე თავზე დაგვაყარონ ბომბები, თუ საერთოდ ბომბის დაყრის შანსი არ ჰქონდეს რუსეთს," - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელის, ჯიმ ო’ბრაიენის განაცხადებით, გამამხნევებელი სიახლეა, რომ საქართველოს საბაჟო ორგანოები დგამენ რეალურ ნაბიჯებს, რათა შეზღუდონ იმ საქონლის რუსეთში გადაზიდვა, რასაც ბრძოლის ველზე იყენებენ, თუმცა სურთ დარწმუნდნენ, რომ მათ აქვთ სრული კონტროლი საქართველოს საზღვრებში ტვირთის მოძრაობაზე, იქნება ეს საჰაერო თუ საგზაო საზღვარი.
სენატში ო'ბრაიენს ჰკითხეს, არის თუ არა ფრენების განახლება ის საკითხი, რომლის გამოც აშშ შეშფოთებულია, რადგან ის გააჩენს სანქციების გვერდის ავლის შესაძლებლობას, რაზედაც ჯიმ ო’ბრაიენმა უპასუხა, რომ სურთ დარწმუნებულები იყვნენ, რა ხდება იმ თვითმფრინავებზე, რომლებიც რუსეთში ბრუნდებიან.
„არ ვიტყოდი, რომ შეშფოთებულები ვართ, მაგრამ აშკარად არის შესაძლებლობა და ჩვენ გვინდა დარწმუნებული ვიყოთ, რომ ვიცით, რა ხდება იმ თვითმფრინავებზე, რომლებიც რუსეთში ბრუნდებიან“, - აღნიშნა ჯიმ ო’ბრაიენმა.