პაატა დავითაია - ბაბუშერას აეროპორტის ხელში ჩაგდება საქართველოს ოკუპაციის გაგრძელებაა, რასაც რუსეთი საერთაშორისო სანქციებისგან თავის დასაღწევად გამოიყენებს

26 ივლისს, აფხაზეთის სეპარატისტულმა პარლამენტმა სოხუმის „ბაბუშერას“ აეროპორტი 49-წლიან მართვაში რუსეთის ფედერაციას გადასცა. ეს არის ოკუპანტი სახელმწიფოს მიერ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და ყველა საერთაშორისო ნორმის უხეში დარღევევა, რაზედაც საქართველოს ხელისუფლებას მკაცრი რეაქცია უნდა ჰქონდეს,- ამის შესახებ პარტია „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარემ, პაატა დავითაიამ განაცხადა.

მისი თქმით, აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის მიერ მიღებული ოფიციალური გადაწყვეტილება, მკაფიოდ გამოხატავს, როგორ ახორცილებს და აგრძელებს რუსეთი საოკუპაციო მოქმედებებს საქართველოს წინააღმდეგ, არღვევს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს იმ აეროპორტის მითვისებით, რომელიც საჰაერონავიგაციის ნაწილია.

დავითაიას განცხადებით, სოხუმის აეროპორტის რუსეთის ფედერაციისთვის გადაცემა, წლებია ოკუპანტი ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი ინტერესია ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

„საქართველოს მთავრობამ, საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამ ფაქტთან დაკავშირებით, მკაცრი რეაგირება უნდა მოახდინოს. საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სასწრაფოდ უნდა აღძრას სისხლის სამართლის საქმე სუვერენული სახელმწიფოს აეროპორტის მითვისებასთან დაკავშირებით. საკითხი ყველა საერთაშორისო დონეზე უნდა დადგეს, როგორც დასავლელ პარტნიორებთან, ასევე სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია ICAO-ში, რომლის მიერაც მოხდა წლების წინ სოხუმის აეროპორტის დახურვა.

რუსეთი ყველა საერთაშორისო ნორმას არღვევს, როდესაც სუვერენული ქვეყნის აეროპორტს ითვისებს და ამას არალეგიტიმური პარლამენტის დახმარებით ახორციელებს. რუსეთი ამ გზით, ბაბუშერას აეროპორტის ხელში ჩაგდებით, შეეცდება თავი დააღწიოს საერთაშორისო სანქციებს და აეროპორტი აკრძალული ტვირთებისთვის გამოიყენოს“,- აცხადებს პაატა დავითაია.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა