თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, პარტია „ნაციონალურ მოძრაობაში“ შიდა დაპირისპირება გაღრმავებულია.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, დატოვებს თუ არა პარტიას ნიკა მელია, ეს მისი გადასაწყვეტია, თუმცა კალაძის აზრით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ არსებული დაპირისპირება სააშკარაოზეა გამოტანილი.
"ნიკა მელია მთლიანად ასოცირდებოდა "ნაციონალურ მოძრაობასთან". ყველა არჩევნებზე ამ პარტიის სახელით გამოდიოდა. ცვლილებებით, რაც მისი გადაყენებით, ლევან ხაბეიშვილის არჩევით განხორციელდა, ჩვენ ვიხილეთ შიდა დაპირისპირება. ყველაფერი ეს შიდა დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. როგორც ჩანს, ეს დაპირისპირება გაღრმავებულია. ყველაფერი სააშკარაოზეა გამოტანილი. არ ერიდებიან ერთმანეთს პირდაპირი ეთერით. ვერ გეტყვით, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ნიკა მელია, რა განწყობა ექნება მომავალში "ნაციონალურ მოძრაობასთან". ეს ალბათ, მას უნდა ჰკითხოთ", - განაცხადა კალაძემ.
მისი თქმით, რეალურად, „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი ფიგურანტი არის მერაბიშვილ-კეზერაშვილის დუეტი“.
„ეს მართლაც ასეა და არავინ მალავს. ამაზე ჩვენც ვსაუბრობდით, თვითონაც არ ერიდებიან საუბარს. ჯერ კიდევ, როდესაც გადაწყვეტილი ჰქონდათ მელიას გაწევა, მთავარი ფიგურანტი იყო მერაბიშვილ-კეზერაშვილის დუეტი. ხაბეიშვილი მათ ჰყავდათ ფიგურად, რომელსაც თავმჯდომარედ წარმოაჩენდნენ. რეალურად, პარტიის ხელმძღვანელები, თავმჯდომარე დღეს კეზერაშვილ-მერაბიშვილის დუეტია. შიდა პროცესები, რაც პარტიაში მიდის, ამას ყველანი კარგად ვხედავთ, თუმცა, არ მინდა სხვა პარტიის შიდა თემებში ჩავერიო. ეს ამ პარტიის პრობლემაა და მათი გადასაწყვეტია, თუ რას მოიქმედებენ და როგორ გააგრძელებენ მუშაობას“, -განაცხადა კალაძემ.