„ქართული ოცნების" სინონიმია სიცრუე და ორპირობა - თუ რეკომენდაციებს არ ასრულებენ, გაჩუმდნენ მაინც, 2 თვე პირში წყალი ჩაიგუბონ, მაგრამ გასაგებია, რატომ იქცევიან ასე, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის პოლიტიკური ჯგუფის, "ევროოპტიმისტების" დეპუტატმა, რომან გოცირიძემ განაცხადა, რითაც აშშ-ის საელჩოს განცხადებას და "ქართული ოცნების" ლიდერების კომენტარებს გამოეხმაურა.
მისი თქმით, პარტნიორებზე თავდასხმა "ქართული ოცნების" უპასუხისმგებლობასა და მოღალატეობრივ ქცევაზე მიუთითებს.
"ქართული ოცნების" სინონიმი არის სიცრუე და ორპირობა, მათი არც ერთი სიტყვა არ არის სანდო. ახლა ამტკიცებდნენ, რომ თურმე 11 ათასი დოლარი აიღო მარგველაშვილმა სააკაშვილისა და მისი ოჯახისგან. ამ ტყუილმა 1 საათიც კი ვერ გაძლო, ეს იყო მტკნარი სიცრუე, ისევე როგორც ის, თითქოს აშშ-ის საელჩო მონაწილეობს რაღაც პროცესებში. ასე რომ, "ქართული ოცნების" ლიდერების არც ერთი სიტყვა არ უნდა დავიჯეროთ. მათი მთავარი სამარკო ნიშანია მოქალაქეებისთვის თვალში ნაცრის შეყრა, მაგრამ უკვე აღარავის სჯერა. "ქართული ოცნება" შანსს არ უშვებს, რომ თავს დაესხას ჩვენს დასავლელ პარტნიორებს და ეს ხდება 2-3 თვით ადრე, როცა სტატუსის კონტექსტში უნდა იყოს შეფასება. ეს მიუთითებს, რბილად რომ ვთქვათ, "ქართული ოცნების" უპასუხისმგებლობაზე და მორალურად თუ შევაფასებთ, მათ მოღალატეობრივ ქცევაზე, ვინაიდან თუ არაფერს აკეთებენ და არ ასრულებენ რეკომენდაციებს, ის მაინც გააკეთონ, რომ გაჩუმდნენ, 2 თვე პირში წყალი ჩაიგუბონ, იქნებ ესეც საქმე იყოს. ხანდახან დუმილიც საქმეა, მაგრამ არ დუმან და გასაგებია, რატომ იქცევიან ასე," - განაცხადა გოცირიძემ.
ინფორმაციისთვის, საქართველოში აშშ-ის საელჩო განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, თბილისსა და ვაშინგტონში, შეშფოთება გამოთქვა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ბოლო დღეების განმავლობაში აშშ-ის საელჩოსა და თანამშრომლების საქმიანობასთან დაკავშირებით ზოგიერთი მედიასაშუალებების მიერ გამოქვეყნებულ "დეზინფორმაციასა და პოლიტიკური მოღვაწეების მიერ ამ დეზინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებით".
განცხადების თანახმად, თბილისში აშშ-ის საელჩოში არავის მიუღია მონაწილეობა ყოფილი პრეზიდენტის, სააკაშვილის ლობირებაში და არც დახმარებია მის ლობისტებს რაიმე შეხვედრის დაგეგმვაში. აშშ-ის საელჩო აცხადებს, რომ "მავნებლური ინფორმაცია", რაც ამტკიცებს, ან გულისხმობს, რომ საელჩოს თანამშრომლებმა ლობისტური ფირმებისგან ფული მიიღეს, "ერთმნიშვნელოვნად ცრუ და უპასუხისმგებლოა.