იმ ქვეყანაში, რომელშიც შესაძლოა, არ იყოს ინტერესი, რომ არ დაუშვან სანქციების გვერდის ავლა, (საბაჟო) შემოწმება ეფექტიანად ვერ ჩატარდება დამოუკიდებელი, მესამე მხარის ზედამხედველობის გარეშე, ვფიქრობ ეს მიანიშნა ო 'ბრაიენმა დღევანდელ განცხადებაში, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარტია „საქართველოსთვის" წევრმა, დეპუტატმა ბექა ლილუაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელის, ჯიმ ო’ბრაიენის განცხადებას.
როგორც ლილუაშვილმა აღნიშნა, რთულია საბაჟო სამსახურების მიერ წარმოებული ინფორმაციის საფუძველზე შეაფასო, რამდენად იცავს სანქციებს ქვეყანა, მაშინ როცა არ იცი ამ ქვეყნის ხელისუფლების მოტივი რამდენად არის ის, რომ არ დაუშვას სანქციების გვერდის ავლა. მისივე თქმით, ო'ბრაიენის განცხადებაში ჩანს, რომ რამდენად აქვს საქართველოს ხელისუფლებას ეს მოტივი, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
„კარგია, რომ სანქციების ჯგუფის წარმომადგენელმა ეს საკითხი გამოკვეთა. ჩვენ დღემდე ვისმენდით ტრაბახს "ქართული ოცნებისგან". სანქციების ჯგუფი და მისი წარმომადგენლები ყოველთვის აფასებდნენ საქართველოს როგორც ქვეყანას, რომელსაც აქვს პოლიტიკური განზრახულობა, მოტივი, რომ არ დაუშვას სანქციების გვერდის ავლა და ამისთვის აკეთებს ყველაფერს. დღეს უკვე კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ეს მოტივები. ძნელია საბაჟო სამსახურების მიერ წარმოებული ინფორმაციის საფუძველზე შეაფასო ქვეყანა იცავს თუ არა სანქციებს, მაშინ როცა არ იცი მოტივი ხელისუფლების, რადგან ზედნადები იქნება, თუ ტვირთის დეკლარაცია, ერთია, რას წარადგენს კონკრეტული სატვირთო მანქანა საბაჟოზე და მეორეა, შემოწმების შედეგად დგინდება თუ არა შესაბამისობა. თუ პოლიტიკური მიზანია დეკლარაციაში ერთი ეწეროს და სატვირთოზე სხვა რამ იდოს, ეს რომ საბაჟოს ოფიცერმა აღმოაჩინოს და უთხრას თავის უშუალო ხელმძღვანელს, თუ პოლიტიკური მოტივი არ არის, რომ ამაზე რეაგირება მოხდეს, რეაგირება არ მოხდება. აი ამ ჭრილში უნდა შევხედოთ ამას. დღეს ძალიან სახიფათოა ამ ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობა, რომელსაც შესაძლოა არ გააჩნდეს პოლიტიკური ამოცანა, რომ სანქციების გვერდის ავლისთვის არ იქნას საქართველო გამოყენებული. ამიტომ მე ვისურვებდი სანქციების ჯგუფის დამოუკიდებელ მისიებს, რომლებიც თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში მოახდენდნენ ზედამხედველობას და შეაფასებდნენ რა ხდება იმ ქვეყანაში, რომელშიც შესაძლოა, არ იყოს ინტერესი, რომ არ დაუშვან სანქციების გვერდის ავლა, შემოწმება ეფექტიანად ვერ ჩატარდება დამოუკიდებელი მესამე მხარის ზედამხედველობის გარეშე, ვფიქრობ ეს მიანიშნა ო 'ბრაიენმა დღევანდელ განცხადებაში,"- განაცხადა ლილუაშვილმა.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელის, ჯიმ ო’ბრაიენის განაცხადებით, გამამხნევებელი სიახლეა, რომ საქართველოს საბაჟო ორგანოები დგამენ რეალურ ნაბიჯებს, რათა შეზღუდონ იმ საქონლის რუსეთში გადაზიდვა, რასაც ბრძოლის ველზე იყენებენ, თუმცა სურთ დარწმუნდნენ, რომ მათ აქვთ სრული კონტროლი საქართველოს საზღვრებში ტვირთის მოძრაობაზე, იქნება ეს საჰაერო თუ საგზაო საზღვარი.
სენატში ო'ბრაიენს ჰკითხეს, არის თუ არა ფრენების განახლება ის საკითხი, რომლის გამოც აშშ შეშფოთებულია, რადგან ის გააჩენს სანქციების გვერდის ავლის შესაძლებლობას, რაზედაც ჯიმ ო’ბრაიენმა უპასუხა, რომ სურთ დარწმუნებულები იყვნენ, რა ხდება იმ თვითმფრინავებზე, რომლებიც რუსეთში ბრუნდებიან.
„არ ვიტყოდი, რომ შეშფოთებულები ვართ, მაგრამ აშკარად არის შესაძლებლობა და ჩვენ გვინდა დარწმუნებული ვიყოთ, რომ ვიცით, რა ხდება იმ თვითმფრინავებზე, რომლებიც რუსეთში ბრუნდებიან“, - აღნიშნა ჯიმ ო’ბრაიენმა.