„ქართული ოცნება" ნაწილ-ნაწილ აბარებს საქართველოს კრემლს, ანექსიაზე არათუ პოზიციას არ გამოთქვამს, არამედ "ქაჯობას" უწოდებს მოსახლეობის წინააღმდეგობას რუსული ოკუპაციასა და გავლენების გაძლიერებაზე, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, სოხუმის აეროპორტთან დაკავშირებითაც, ისევე როგორც ბიჭვინთის ანექსიაზე "ქართული ოცნება" დუმილს ირჩევს. აქუბარდია საგარეო საქმეთა მინისტრს მოუწოდებს, შესაბამისი განცხადება გააკეთოს.
"მიუხედავად "ქართული ოცნების" კაპიტულანტური პოლიტიკისა, ჩვენ ვხედავთ რუსეთის მხრიდან ოკუპირებული აფხაზეთის ანექსიის გაგრძელების პროცესს იმით, რომ ხელი მოეწერა ე.წ. ხელშეკრულებას, რომლითაც სოხუმის აეროპორტი გადაეცა რუსეთს არამხოლოდ რეკონსტრუქციისთვის, არამედ საუბარია 10 ათასი კვადრატული მეტრის ტერიტორიაზე და ეს არის ანექსიის მორიგი ფაქტი, რაზეც "ქართული ოცნება" კვლავ დუმილს ირჩევს ისევე, როგორც ეს მოხდა ბიჭვინთის შემთხვევაში. საგარეო საქმეთა მინისტრმა, რომელიც ერთი წლის მანძილზე ამ პროცესს აკვირდებოდა, ინტერპელაციის კითხვების საპასუხოდ თქვა, რომ "იკაოსთან" მუშაობა მიმდინარეობს და საჭირო ნაბიჯებს დგამენ, მაგრამ ჩვენ ვერ მოვისმინეთ ვერც ერთი განცხადება, რომ ეს ე.წ. ხელშეკრულება დაეგმოთ. ჩვენ გვაქვს მოცემულობა, როცა "ქართული ოცნება" ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით უარს ამბობს არათუ მხოლოდ ნატოსა და ევროკავშირის წევრობაზე, არამედ ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის საერთო ეროვნულ ინტერესზე, რომელიც მთელ საქართველოს აერთიანებს. ჩვენ ვხედავთ, როგორ აბარებს "ქართული ოცნება" ნაწილ-ნაწილ საქართველოს კრემლს და არათუ პოზიციას არ გამოთქვამს, არამედ "ქაჯობას" უწოდებს მოსახლეობის წინააღმდეგობას რუსული ოკუპაციასა და გავლენების გაძლიერებაზე. მე წერილობით მივმართავ საგარეო საქმეთა მინისტრს და მოვითხოვ, გაკეთდეს შესაბამისი, დამგმობი განცხადება ანექსიურ პროცესთან დაკავშირებით, ასევე, საჯარო მოწოდება სტრატეგიული პარტნიორების მიმართ, რომ საქართველოს სუვერენიტეტის საკითხი იყოს სათანადო დონეზე პარტნიორების მხრიდან უზრუნველყოფილი. "ქართული ოცნება" დღენიადაგ ლანძღავს დასავლეთს და ოკუპანტ რუსეთზე ხმის ამოღებას ვერც კი ბედავს. ამიტომ მივმართავ საგარეო საქმეთა მინისტრს მიუხედავად იმისა, რომ ბიჭვინთის ანექსიაზე მისგან რომ პოზიცია გაგვეგო პარლამენტიდან, 7 თვე დამჭირდა," - განაცხადა აქუბარდიამ.