ანა ბუჩუკური - იცით რომელიმე ქვეყანა, რომელსაც სტრატეგიულ მოკავშირედ ერთდროულად აშშ და ჩინეთი ჰყავდეს?!ეს საგარეო მიმართულებით პოლიტიკის ცვლილებაა - უკაცრავად, მაგრამ პარლამენტი რისთვის არსებობს საერთოდ?!

საგარეო მიმართულება ამ ქვეყანას დიდი ხანია არჩეული აქვს, ესაა დასავლეთი, აშშ და ევროკავშირი. ერთ ქვეყანას მაინც დამისახელებთ, ვისაც სტრატეგიულ მოკავშირედ ჰყავს ერთდროულად აშშ და ჩინეთი?! - ვერ დამისახელებთ, - ასე ეხმიანება პარტია "საქართველოსთვის" წევრი დეპუტატი ანა ბუჩუკური ჟურნალისტებთან პრემიერ-მინისტრის ვიზიტს ჩინეთში და საქართველო-ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას.

ბუჩუკურის თქმით, ჩინეთთან ეკონომიკური თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა, როცა საუბარია სტრატეგიულ მოკავშირეობაზე, ეს საგარეო პოლიტიკის ცვლილებას ნიშნავს.

"ჩინეთი ძალიან დიდი ბაზარია და ეკონომიკური თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია, ეს ჩვენს გუნდს ძალიან კარგად ესმის, მაგრამ ჩვენ ეკონომიკური თანამშრომლობა არ უნდა აგვერიოს სტრატეგიულ მოკავშირეობაში. მე ვნახე, სამწუხაროდ, მედიაში განცხადებები და სტრატეგიული მოკავშირეობაც იყო გაჟღერებული. საქართველოს ჰყავს სტრატეგიული მოკავშირეები, მათ შორის ეს ინსტიტუციურად, კონსტიტუციით არის გამყარებული. ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეები არიან დასავლეთში - ევროპა, აშშ. შესაბამისად, ჩინეთთან მიმართებით სტრატეგიულ მოკავშირეობაზე საუბარი წარმოუდგენელია. თქვენ იცით რომელიმე ქვეყანა, რომელსაც სტრატეგიულ მოკავშირედ ერთდროულად აშშ და ჩინეთი ჰყავდეს?! როცა სტრატეგიულ მოკავშირეობაზეა საუბარი, ეს საგარეო მიმართულებით პოლიტიკის ცვლილებაა. უკაცრავად, მაგრამ ეს ორგანო - პარლამენტი რისთვის არსებობს საერთოდ?!" - განაცხადა ბუჩუკურმა.

შეგახსენებთ, ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრაზე აღნიშნა, რომ საქართველოსა და ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ გამოცხადდება, რითაც ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები ახალ დონეზე გადაინაცვლებს.

გიორგი კაჭარავა - უკრაინა-რუსეთის ომის დასასრულებლად დაწყებული პროცესი რუსეთის პირობებზე ვერ წარიმართება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება